დავით გარეჯი

ვაშაკიძე: დავით გარეჯის საკითხი საზღვრის საბოლოო დელიმიტაციის შემდეგ გადაწყდება

დავით გარეჯის საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც საზღვარი საბოლოოდ იქნება დელიმიტირებული. აღნიშნული განცხადება დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გააკეთა.

მისი თქმით, დელიმიტაციის ამომავალ პრინციპად აღებულია საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვარი.

”დავით გარეჯის უდიდესი ნაწილი, 98 პროცენტი ამჟამად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა არის გარვეული მონაკვეთები, სადაც ამ თვალსაზრისით პრობლემებია.” - აღნიშნა ვაშაკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარის ერთობლივი სურვილია, აღნიშნული საკითხი გადაწყდეს კონსტრუქციულად, მეგობრობის და თანამშრომლობის საფუძველზე.

”ამჟამინდელი შეთანხმება მდგომარეობს იმაში, რომ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, საზღვრის დელიმიტაციამდე, გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ სამომავლოდ ყოველგვარი გართულება და პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოირიცხოს, რაც რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც აქამდე, ამ ძეგლზე შესაბამისი შეღწევა იყოს.” - განაცხადა ვაშაკიძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ყოველ წელს რეგულარულად იმართება, თუმცა წელს ჯერ არ გამართულა და კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება.

ქართულმა მხარემ გუშინ გაავრცელა ოფიციალური კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება მიღწეულია, რომლის თანახმადაც, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის, უდაბნოს მონასტრის მონახულება ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ექნება.

 

კომენტარები