ჩიკაგოს სამიტი

ნატო: ანტისარაკეტო სისტემა "შუალედური მზადყოფნის" სტადიაზე გადადის

ჩიკაგოში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ევროპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა „შუალედური მზადყოფნის" სტადიაზე გადადის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა რაკეტების გაუნებელყოფის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. 

მისი თქმით, ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდები განლაგდება, რომლებიც რაკეტსაწინაააღმდეგო სისტემით იქნება აღჭურვილი, ხოლო თურქეთში მოქმედებას რადარული სტრუქტურა დაიწყებს.

პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა ისიც განმარტა, რომ ევროპის სარაკეტო პროგრამა არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. მისი თქმით, აღნიშნული სისტემის მიზანს ირანის მიერ გაშვებული რაკეტების შეჩერება წარმოადგენს.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ–ს გაფრთხილება მისცა მათი მხრიდან ევროპული ანტისარაკეტო სისტემის ობიექტებისადმი შესაძლო დარტყმის მიყენების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს საფრთხე შეექმნება.

რუსეთი წინააღმდეგია ევროპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის მოქმედების. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, აღნიშნულმა პროგრამამ შესაძლოა მათი ბირთვული პოტენციალის დაქვეითება გამოიწვიოს.

"ჩვენ უკვე მოვუწოდეთ რუსეთს ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით თანამშრომლობისაკენ. ეს მოწვევა კვლავ ძალაში რჩება." – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

კომენტარები