დავით გარეჯი

მსვლელობა დავით გარეჯის დასაცავად

”დავით გარეჯი საქართველოა!” - ამ ლოზუნგით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დასაცავად დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართა. ვაკის პარკში შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა პარლამენტის შენობასთან, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლა.

საინიციატივო ჯგუფ "დაიცავი დავით გარეჯის" და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის "შავფაროსნების" მიერ ორგანიზებული შეკრების ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდონ დავით გარეჯის კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მსვლელობის მონაწილეები აგრეთვე, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, გადადგან ქმედითი ნაბიჯები გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე 6 მაისამდე არსებული ვითარების აღსადგენად.

მოძრაობა “დაიცავი დავით გარეჯისა” და ”შავფაროსნების” წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვდნენ, უწყებამ წარმოადგინოს ის დოკუმენტები და არგუმენტირებული პოზიცია, რის საფუძველზეც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ დავით გარეჯის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.

აქციის ორგანიზატორები დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა მოლაპარაკების და დოკუმენტის გასაჯაროვებას მოითხოვდნენ.

მსვლელობის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები მამა დავითისკენ გაემართნენ, სადაც სპეციალური პარაკლისი შესრულდა.

 

კომენტარები