ეკონომიკის სამინისტრო

ლონდონის ბირჟაზე საქართველოს რკინიგზის აქციები განთავსდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს რკინიგზის" აქციების განთავსების შესახებ განმარტება გააკეთა.

სამინისტროს ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” აქციების არაუმეტეს 25%-ის განთავსება იგეგმება.

”განვმარტავთ, რომ იგეგმება ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს რკინიგზის" ჩვეულებრივი აქციების არაუმეტეს 25%-ის განთავსება. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით გაცნობებთ, რომ "საქართველოს რკინიგზის" აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო რჩება, ასევე არსებითად არაფერი იცვლება კომპანიის მართვის საკითხში." - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მთავრობა აწარმოებს საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობის შესწავლას, რათა დარწმუნდეს, რომ დღესდღეობით, "საქართველოს რკინიგზის" არასაკონტროლო პაკეტის განსათავსებელად, საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესაბამისი ვითარებაა.

გავრცელებული ცნობით, "საქართველოს რკინიგზა” 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. აქციების განთავსების შედეგად მთავრობამ, შესაძლოა, 250 მილიონი დოლარი გამოიმუშაოს.

 

კომენტარები