მარინ ლე პენი

წარმატებული რადიკალი

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის სენსაციად მარინ ლე პენი იქცა. რადიკალი მემარჯვენე პარტიის, ნაციონალური ფრონტის ლიდერმა ხმათა 18% მოაგროვა. ეს პარტიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. მთავარი მემარცხენე და მემარჯვენე პარტიების კანდიდატების სისუსტის ფონზე მიმომხილველები ლე პენს არჩევნების ნამდვილ გამარჯვებულად მიიჩნევენ. სწორედ მის ამომრჩევლებზეა დიდწილად დამოკიდებული საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობაც.

პირველმა ტურმა ცხადყო წამყვანი პარტიებიდან ელექტორატის რადიკალური პარტიებისკენ გადადინების ტენდენცია – ლე პენმა და რადიკალმა მემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელანშონმა საერთო ჯამში 29% მიიღეს, ანუ უფრო მეტი ხმა, ვიდრე ცალკე აღებულმა ოლანდმა ან სარკოზიმ.

მარინ ლე პენი 1968 წელს პარიზში დაიბადა. ჟან-მარი ლე პენის 3 ქალიშვილიდან ის ყველაზე უმცროსია. ფრანსუა ოლანდისგან განსხვავებით, მისი პირადი ცხოვრება სტაბილურობით არ გამოირჩეოდა – 8 წლის ასაკში ლე პენების ბინაში მოწყობილ აფეთქებას გადაურჩა. 16 წლის მარინმა ძალიან განიცადა უდედოდ დარჩენა – პიერეტ ლე პენმა ოჯახი მიატოვა და ჟან-მარის პირად ბიოგრაფთან ერთად გაიქცა.

თავად მარინი ორჯერ გათხოვდა და ორჯერვე განქორწინდა. როგორც ჟურნალისტი ერიკ პაპი აღნიშნავს, მისი ოჯახი ნაციონალური ფრონტი იყო. პირველი მეუღლე პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენი გახლდათ, მეორე – პარტიის წევრი. ორი ქორწინებიდან მას 3 შვილი დარჩა. მარინის ახლანდელი პარტნიორი, ლუი ალიო, ნაციონალური ფრონტის ვიცეპრეზიდენტია.

ლე პენს განათლება საფრანგეთის წამყვან სამართლის სკოლაში, პანთეონ-ასას უნივერსიტეტში აქვს მიღებული. სწავლის დამთავრების შემდეგ პარიზში იურიდიულ პრაქტიკას ეწეოდა, საჯარო ადვოკატი იყო. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ იმ არალეგალი იმიგრანტების დაცვაც უწევდა, ვისაც კერძო ადვოკატის დაქირავების საშუალება არ გააჩნდათ. მარინ ლე პენის კოლეგები ამბობენ, რომ მამამისის რეპუტაციას შესანიშნავად უმკლავდებოდა, თავად ჟან-მარი კი ყოველთვის ეუბნებოდა ქალიშვილებს: „არ არის ადვილი, იყო ლე პენის შვილი, უნდა შეეგუოთ!”.

ჟან-მარი ლე პენმა ნაციონალური ფრონტი 1972 წელს დააარსა – როდესაც მარინი 4 წლის იყო. მან მამამისის საარჩევნო კამპანიაში პირველად 13 წლისამ მიიღო მონაწილეობა, ნაციონალურ ფრონტს 18 წლის ასაკში შეუერთდა, პარტიის ლიდერი კი 2011 წელს გახდა. მაშინ მარინი მამამისმა დაახასიათა, როგორც მისგან განსხვავებული პიროვნება, 40 წლით ახალგაზრდა ქალი, რომელიც თანამედროვეობას უფრო შეესაბამებოდა.

მარინის უპირველესი მიზანი პარტიის დეტოქსიკაცია იყო. პირველ რიგში, ეს ქსენოფობიური და ანტისემიტური გამოხტომების აღკვეთას მოითხოვდა. მაგალითად, თუკი ჟან-მარი გაზის კამერებს ისტორიის უმნიშვნელო დეტალს უწოდებდა, მარინმა ნაციზმი გაუგონარ ბარბაროსობად შერაცხა.

ნაციონალური ფრონტი ყოველთვის იმიგრაციის და კრიმინალის კონტროლის მოთხოვნასთან იყო დაკავშირებული. ის დაარსების დღიდანვე ნაციონალისტური და ანტიიმიგრანტული დღის წესრიგის გამო პოსტფაშისტურ, ანტირესპუბლიკურ პოლიტიკურ ძალად ითვლებოდა და სხვა პოლიტიკურ ძალებს ერთგვარ იზოლაციაში ჰყავდათ.

ლე პენის პარტია პროტექციონისტულ, ანტიკაპიტალისტურ, ანტიამერიკულ, ანტიევროკავშირულ, ანტიგლობალისტურ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. იგი ერთდროულად უკიდურესი მემარჯვენე და უკიდურესი მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელია. წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, ლე პენის ამომრჩეველთა ნახევარი სარკოზისათვის, ხოლო მეხუთედი ოლანდისთვის აპირებდა ხმის მიცემას.

კომუნისტური პარტიისგან განსხვავებით, ნაციონალური ფრონტი ფრანგულ პოლიტიკაში კეთროვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. მის გარშემო სანიტარული კორდონი მოქმედებს – თუ რომელიმე ოლქში მისი კანდიდატი მეორე ტურში გადის, დანარჩენი პარტიები ყოველთვის მის წინააღმდეგ ირაზმებიან.

სანიტარული კორდონის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როცა უფროსმა ლე პენმა სოციალისტ ლიონელ ჟოსპენზე მეტი ხმა დააგროვა და მეორე ტურში ჟაკ შირაკს შეხვდა. საპრეზიდენტო არჩევნები ანტიფაშისტურ რეფერენდუმად იქცა და არაპოპულარულ შირაკს მაშინ ფრანგი ამომრჩევლის 82%-მა დაუჭირა მხარი.

დროთა განმავლობაში ნაციონალური ფრონტის იდეოლოგიური ბაზა გაფართოვდა. მარინ ლე პენის პარტიის სათავეში მისვლის შემდეგ, ნაციონალური ფრონტისთვის წამყვან საკითხებად იქცა ევროინტეგრაციით გამოწვეული ფრანგული დემოკრატიის ეროზია და ეკონომიკის დაკნინება. მარინ ლე პენი ამომრჩეველს საფრანგეთის ინდუსტრიის მხარდასაჭერად პროტექციონისტულ პოლიტიკას, ევროს ნაცვლად ეროვნული ვალუტის, ფრანკის აღდგენას დაჰპირდა.

საგარეო პოლიტიკის მხრივ, უმცროსი ლე პენი მოითხოვს ავღანეთიდან ფრანგი სამხედროების დაუყოვნებლივ გამოყვანას. მისი განცხადებით, საფრანგეთი არასოდეს უნდა ჩარეულიყო ამერიკის მიერ დაწყებულ ომში. ლე პენს რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაც სურს. ის მოსკოვთან პარტნიორობის აუცილებლობას საფრანგეთის ენერგოუსაფრთხოებით ხსნის.

იმიგრაციის წინააღმდეგ კამპანიისთვის რასისტული შეფერილობის მოსაცილებლად მარინ ლე პენმა აქცენტი სეკულარიზმის პრინციპებისა და ცხოველთა უფლებების დაცვაზე გადაიტანა. ნაციონალური ფრონტის განახლებული რიტორიკის სამიზნე გახდა არა უმცირესობათა წარმომადგენლების პიროვნება და მათი რწმენა, არამედ კონკრეტული ქმედებები – ქუჩაში მასობრივი ლოცვა, ე.წ. ჰალალი ანუ მუსლიმური ტრადიციების შესაბამისად საქონლის დაკვლა.

ამგვარი მანიპულაციების წყალობით, მარინმა ელექტორატი გააფართოვა, პარტია ქალაქებში მცხოვრები საშუალო კლასის მოქალაქეთათვის უფრო მისაღები გახადა და ახალგაზრდების გულიც მოიგო – ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ამომრჩევლების ხმების უმეტესობა სწორედ ნაციონალური ფრონტისკენ წავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში გაიზარდა, მარინ ლე პენის ქარიზმა მუშათა კლასის ამომრჩევლებს ყოველთვის იზიდავდა. წლევანდელ არჩევნებზე მუშათა კლასის ხმათა 35% სწორედ ნაციონალური ფრონტის ლიდერს ერგო. ლე პენის მხარდამჭერთა შორის არიან ფერმერებიც.

განსაკუთრებით კარგად ლე პენი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დეპარტამენტებში გამოვიდა, სადაც მისი საშუალო შედეგი 35-40 პროცენტს შორის მერყეობდა. ამ რეგიონებში ბოლო ათწლეულების მანძილზე მადნეულის მოპოვება და მასთან დაკავშირებული მრეწველობა დაკნინდა, ათეულ ათასობით ადამიანმა კი სამუშაო დაკარგა.

ნაციონალური ფრონტის რეიტინგის გარდა, ლე პენის გაზრდილი პოპულარობა სარკოზიზეც აისახა – არალეგალი იმიგრანტების დეპორტაცია გახშირდა, შეიქმნა ნაციონალური იდენტობის სამინისტრო (რომელიც მალევე გაუქმდა), წინასაარჩევნოდ კი პრეზიდენტი ამომრჩევლებს ევროპის შიგნით უვიზო მიმოსვლის შესახებ შენგენის შეთანხმების გადახედვას, იმიგრაციის ორჯერ შემცირებასა და ფრანგული ცხოვრების წესის დაცვას დაჰპირდა.

ექსპერტთა ნაწილის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მეორე ტურისთვის ლე პენმა სარკოზის მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტმა უარი თქვა საარჩევნო გარიგებაზე, რის შედეგადაც საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ ფრონტს სანიტარული კორდონი მოეხსნებოდა – თუ რომელიმე ოლქში გოლისტი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გავიდოდა, მისი პარტია ნაციონალური ფრონტის კანდიდატს დაუჭერდა მხარს.

ნაციონალური ფრონტის ამბიციურ ლიდერს უფრო მეტი სურს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთჯერადი წარმატება – ლე პენი ივნისში საპარლამენტო არჩევნებს უმიზნებს (ამჟამად პარტიას საფრანგეთის 925-წევრიან პარლამენტში 1 წევრიც არ ჰყავს). ის იმედოვნებს, რომ მეორე ტურში სარკოზის დამარცხებით პრეზიდენტის პარტია, გაერთიანებული სახალხო მოძრაობა დასუსტდება. ეს გარესპექტაბელურებულ ნაციონალურ ფრონტს შესაძლებლობას მისცემს, თავი მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოაცხადოს.

კომენტარები