აშშ

ობამა რამდენიმე მილიონის მფლობელია

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას შემოსავლების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. დოკუმენტის თანახმად, აშშ–ს პირველი პირის ქონება 2,6 მილიონიდან 8,3 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

BBC – ის ინფორმაციით, ობამას ანგარიში აქვს გახსნილი ბანკ JPMorgan Chase – ში, რომელმაც ცოტა ხნის წინ 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი განიცადა. თეთრი სახლის გამოცემული მასალის მიხედვით, პრეზიდენტის ანგარიშზე აღნიშნულ ბანკში 500 ათასიდან ერთ მილიონ დოლარამდეა.

გამოცემის ცნობით, ობამამ, რომლის წლიური ხელფასი 400 ათასი დოლარია, ქონების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე დაწერილი წიგნების გაყიდვებიდან შემოსული თანხით დააგროვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში შეერთებული შტატების მოქმედი პირველი პირის მთავარი კონკურენტის, მით რომნის ქონება 190 მილიონიდან 250 მილიონ დოლარამდე მერყეობს, რომლის დიდი ნაწილიც ინვესტიციების შედეგადაა შეძენილი.

 

კომენტარები