ქართული მედია

მეცხრე არხმა თრიალეთის 10%-იანი წილი შეისყიდა

ტელეკომპანია მეცხრე არხმა შიდა ქართლის ტელევიზია თრიალეთთან პარტნიორობის შესახებ კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით მეცხრე არხი თრიალეთის 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალურმა დირექტორმა კობა ბექაურმა დღეს განაცხადა.

,,ტელეკომპანია თრიალეთი ითანამშრომლებს მეცხრე არხის გადაცემების შიდა ქართლში გავრცელებასთან დაკავშირებით. 10%-იანი წილით მიღებული ფინანსებით თრიალეთს ექნება საშუალება, რომ ის უკეთ განვითარდეს., განახორციელოს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, გააკეთოს საკუთარი გადაცემები და გახდეს ძლიერი ტელევიზია რეგიონში. ჩვენი გადაცემების მხოლოდ ნაწილის ტრანსლაცია განხორციელდება თრიალეთზე, დანარჩენ სატელევიზიო ბადეს კი საკუთარი გადაცემებით შეავსებენ.’’-განაცხადა კობა ბექაურმა.

ტელეკომპანია თრიალეთის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი განმარტავს, რომ მეცხრე არხის სატელევიზიო პროგრამიდან თრიალეთზე ტრანსლაციისთვის გადაცემების შერჩევა, მოსახლეობის ინტერესის მიხედვით მოხდება.

,,ჩვენ არავითარი ვალდებულება არ აგვიღია, ჩვეულებრივ მოვამზადებთ შიდა ქართლის საინფორმაციო ამბებს და ამას დაემატება ახალი ამბები საქართველოს მასშტაბით მეცხრე არხის საინფორმაციოს საშუალებით. წილის მიყიდვით ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში არ იცვლება არაფერი, ჩვენ კვლავ დამოუკიდებელ ტელევიზიად დავრჩებით.’’-აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი.

თრიალეთის 10%-იანი წილის შესყიდვა მეცხრე არხს 1 მილიონი ლარი დაუჯდა.

 

კომენტარები