სტიქია

სტიქიამ რეგიონებიც დააზარალა

გუშინ ღამით გადაუღებელად წვიმდა საქართველოს რეგიონებშიც. განსაკუთრებით რთული ვითარება მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია. რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის  მოადგილის გივი ამირხანაშვილის განცხადებით, წვიმას თან დაერთო ძლიერი სეტყვაც - რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

ათამდე სოფელი დაზარალდა დუშეთის რაიონში. წვიმამ მდინარეებისა და ხევების ადიდება გამოიწვია - დაიტბორა გზები და საავტომობილო მაგისტრალები. ამასთან,  დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები და ხიდები.

სტიქიამ დააზარალა კახეთიც. ძლიერი წვიმის გამო ადიდდა ახტალისა და ნავთის ხევები. დაიტბორა გურჯაანსა და მის მიმდებარე სოფლებში მდებარე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზარალდა ახმეტა და ლაგოდეხიც. დატბორილია სახნავ-სათესი ნაკვეთები, დახოცილია პირუტყვი.

პრობლემები შეიქმა ელექტომომარაგების თვალსაზრისითაც. წაქცეულ ანძებთან ამჟამად შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, თბილისსა და კახეთში ელექტორმომარაგება დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

რეგიონებში ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას დაითვლის, ამის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

 ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კომენტარები