ინიციატივა

საქართველოში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება დაფუძნდა

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება დაფუძნდა. საზოგადოების პრეზენტაცია ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. დაფუძნების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.
„ახლანდელ დროში ცოდნას უფრო დიდი ბაზარი აქვს. ფულზე უფრო ძლიერია და ხმალზე უფრო ძლიერად ჭრის. ჩვენ ვართ 7-მილიარდიან სამყაროში 5 მილიონზე ცოტა ნაკლები ქვეყანა. რითი შეგვიძლია ფონს გასვლა, რით შეგვიძლია წარმატების მიღწევა? - ცოდნით,“ - ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა პრეზენტაციის დამსწრეებს.
პრეზიდენტმა ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები გაიხსენა - ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს. მისი თქმით, ეს სანთელი დღეს კომპიუტერია, ხოლო კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წლების შემდეგ შეიძლება ისეთივე მნიშვნელობა შეიძინოს, როგორც თავის დროზე - ილიას მიერ შექმნილმა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პირველ ეტაპზე, საქართველოს სამასამდე სოფელში გაიხსნება სპეციალური, კომპიუტერული მომსახურების ცენტრები, სადაც ადგილობრივი ინსტრუქტორები იმუშავებენ.
პროექტის მიზანია, რეგიონების მოსახლეობამ აითვისოს კომპიუტერი და მიღებული ცოდნა  ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს.  ამ მიზნით, ამ ცენტრებში მოსახლეობა არა მხოლოდ ინტერნეტით სარგებლობასა და საჭირო ინფორმაციის მოძიებას შეისწავლის, არამედ იმასაც, საკუთარი პროდუქცია ონლაინ როგორ გაყიდოს.  
კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის იდეა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ვაშაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, შედეგების რეალური შეფასება  5 წლის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება.
კომპიუტერული ცოდნის გავრცელებაში დაინტერესებული პირებისთვის კონკურსი 15 მაისიდან გამოცხადდება.

კომენტარები