ინიციატივა

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა: ტელეკომპანიებს საგადასახადო დავალიანება შეუმცირდეთ

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს, მათვე თხოვნის საფუძველზე, დავალიანება და მასზე დარიცხული სანქცია-საურავები შეუმცირდეს.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქებით ყველა ტელეკომპანიის თანაბარ საგადასახადო პირობებში ჩაყენება მოხდება.

„ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მაუწყებლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას, თავისთავად კონკურენციის გაზრდას. მაუწყებლებს გაუჩნდებათ საშუალება მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები და განავითარონ ტელეკომპანიები ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ხეთაგურმა.

მან პროცესის გამჭვირვალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ღიად მიმართა ყველა მაუწყებელს - ცენტრალურს თუ ადგილობრივს - სათანადო წინადადებით მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, რომ დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება და სამუშაო ვითარებაში საგადასახადო დავალიანებების შემცირებაზე მსჯელობა.

რა სამართლებრივი ფორმით მოხდება დავალიანების შემცირება ჯერ ცნობილი არ არის.

ინიციატივის წარდგენისას ალექსანდრე ხეთაგურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობა ტელევიზიებს ვალებს პატიობს. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაგალითად მოიყვანა დაახლოებით ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება მაუწყებელთა საგადასახადო ამნისტირების შესახებ. მაშინ ეს გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის გზით განხორციელდა.

 

კომენტარები