დიდი ბრიტანეთი

ელისაბედ მეორემ ლორდთა პალატის რეფორმირების შესახებ განცხადება გააკეთა

დედოფალი ელისაბედ მეორე ბრიტანეთის პარლამენტის ახალი სესიის ოფიციალურ გახსნაზე დეპუტატების წინაშე სამეფო სიტყვით წარსდგა. გაერთიანებული სამეფოს მმართველმა მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში მთავრობის მიერ შესასრულებელ პროგრამაზე ისაუბრა.

დედოფალმა თავის გამოსვლაში ყურადღება ლორდთა პალატის რეფორმაზე გაამახვილა. ”ლორდთა პალატის შემადგენლობის რეფორმირების შესახებ კანონპროექტი ძალაში შევა.” - განაცხადა ელისაბედ მეორემ.

დეპუტატების ნაწილმა მთავრობის გეგმებისადმი უკმაყოფილება გამოთქვა. მათ აღნიშნული კანონპროექტის მოქმედებაში შესვლის ვადის გადაწევა მოითხოვეს. მათი განცხადებით, ეკონომიკური კრიზისის დროს ქვეყნის ხელმძღვანელობის პრიორიტეტს საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა წარმოადგენდეს.

აღნიშნული რეფორმის თანახმად, ლორდთა პალატის წევრების 80% ხმის მიცემის წესით აირჩევა, ხოლო თავად წევრების რაოდენობა 300-მდე შემცირდება.

ლორდთა პალატა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ზედა პალატას წარმოადგენს. მის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, თემთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააუქმონ. თუმცა ისინი უფლებამოსილნი არიან პარლამენტის ქვედა ნაწილის მიერ მიღებული კანონპროექტების ძალაში შესვლის ვადა გარკვეული დროით გადაწიონ.

ლორდის ტიტული დიდ ბრიტანეთში, ტრადიციულად, მემკვიდრეობით გადადის ან მოქალაქეს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ენიჭება. ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერმა დევიდ კემერონმა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ლორდის ტიტული 117 ადამიანს მიანიჭა - ტიტულების ასეთი ტემპით დარიგებას ადგილი არ ჰქონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დღეისთვის პალატის წევრების რაოდენობამ 792-ს მიაღწია.  

პალატამ, 1911 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე რეფორმა განიცადა, რომელთა შედეგადაც ლორდების უფლებამოსილება ბრიტანეთში მნიშნვნელოვნად შეიკვეცა. 

 

კომენტარები