ტურიზმი საქართველოში

ბათუმში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენცია გაიხსნა

დღეს ბათუმში მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენცია გაიხსნა. დღევანდელი შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა, სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ქალაქ ლაზიკას მშენებლობის გეგმები გააცნო და აღნიშნული პროექტის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი საქართველოში ჩამომავალი რუსი ტურისტების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,შემაშინებელი გაფრთხილების’’ მიუხედავად, მათი რიცხვი მკვეთრად იზრდება.

,,ჩვენთვის საქართველოში 1 მილიონი რუსი ტურისტის ჩამოსვლა არა უბრალოდ ეკონომიკური საკითხია, არამედ ეს არის ის, რომ რუსეთის 1 მილიონი მოქალაქე თავის ქვეყანაში წაიღებს სიმართლეს საქართველოზე. წაიღებს იმ სიმართლეს, რომ ევროკავშირის ბოლო სამი წლის გამოკვლევებით, საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. წაიღებენ ამბავს, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა სწრაფად ვითარდება, რომ აქ არ არის კორუფცია, რომ აქ ყველაზე თანამედროვე სასაზღვრო ინფრასტრუქტურაა მსოფლიოში.  წაიღებენ ამბავს, რომ აქ არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ბიუროკრატია მსოფლიოში.’’-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არიან. ღონისძიებას 45 ქვეყნის 80-მდე დელეგატი ესწრება. 

კომენტარები