ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: ქართული ოცნება ქართულ პარტიასთან არ ითანამშრომლებს

ბიძინა ივანიშვილი ქართულ პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. თავის მხრივ, ქართულ პარტიაში აცხადებდნენ, რომ ეროსი კიწმარიშვილთან ურთიერთობა იმიტომ გაწყვიტეს, რადგან მას პარტიის მეორე ლიდერისგან, ირაკლი ოქრუაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილის მიმართ რადიკალური დამოკიდებულება ჰქონდა. ივანიშვილის განცხადებით, მას ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს და ოქრუაშვილთან ურთიერთობას გამორიცხავს.

კიწმარიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა გუშინ დაადასტურეს ქართულ პარტიაში. მათი თქმით, ბოლო 4 თვეა კიწმარიშვილთან კავშირი აღარ აქვთ.

მოგვიანებით ივანიშვილის განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა: "ეს კაცი ვერ მიხვდა, რომ სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და  რამეს იტყოდა, ხალხი უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე ახლა. 8 თვის განმავლობაში იმდენი უაზრო რამ თქვა, რომ თითქმის ყოველდღე საკუთარი გამონათქვამების უარყოფა უწევს და ვინმე თუ ურჩევს, რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით მეტი შანსი ექნება გამარჯვების და მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. რაც შეეხება მასთან თანამშრომლობას, არა მგონია მისი გარემოცვის პირობებში ეს მომხიბლავად და საინტერესოდ ჩანდეს ვინმესთვის."

თავის დროზე პოლიტიკაში მოსულმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებდა, თუმცა, არ გამორიცხავდა მის ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობას. ივანიშვილმა კიწმარიშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით კიწმარიშვილმა მას ძველი უსიამოვნებების დავიწყებაც სთხოვა. 

ამჟამად ივანიშვილის პარტიაში ქართული პარტიის ყოფილი ლიდერი, სოზარ სუბარია, გაწევრიანებული.

 

კომენტარები