IRI-ის კვლევა

საპარლამენტო არჩევნებში 45% ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში ჩატარებული კვლევის კიდევ რამდენიმე შედეგი გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, საზოგადოების 45% საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. გამოკითხულთა 15% - "ქართულ ოცნებას", 9% – ”ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", ხოლო სხვა პარტიები 4% - ს ინაწილებენ.

გამოკითხვებში პოლიტიკურ ლიდერებს შორის 77%-ით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს.

ამასთან, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტად ეკლესიას ენდობა. ნდობის რეიტინგში რესპოდენტთა დიდმა ნაწილმა დაასახელა აგრეთვე, ჯარი, პოლიცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი.

გამოკითხულთა 50% ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. ტერიტორიების დაკარგვის საკითხი კი 20 % - სათვის ითვლება მთავარ გამოწვევად.

კვლევის ფარგლებში, რესპოდენტებმა ხელისუფლების მთავარი წარუმატებლობა დაასახელეს. გამოკითხულთა უმრავლესობა, 27% დღევანდელი ხელისუფლების მთავარ წარუმატებლობად ტერიტორიების დაკარგვას მიიჩნევს. აღნიშნულ რეიტინგში დასახელდა აგრეთვე, აგვისტოს ომი და რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა.

შეკითხვაზე "მთავრობის შეცვლა გააუმჯობესებს თუ არა ურთიერთობას რუსეთთან?” დადებითი პასუხი 17 % - მა გასცა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გაავრცელა საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის რამდენიმე შედეგი.

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მხარს დაუჭერდა რესპონდენტების 37%, ქართული ოცნების კანდიდატს - 19%, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს - 10%.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან, რესპონდენტთა 28% ენდობა გიორგი თარგამაძეს, 21% - ბიძინა ივანიშვილს.

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა GALLUP–ის მეშვეობით მარტსა და აპრილში ჩაატარა. კვლევები USAID-მა დააფინანსა.

 

კომენტარები