საქართველო-ჩრდილო კავკასია

პარლამენტში ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობის სტრატეგიაზე იმსჯელეს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩრდილოეთკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტზე იმსჯელა. დუკუმენტი საპარლამენტო კომიტეტმა და ეროვნული უშიშროების საბჭომ მოამზადეს.

სტრატეგიის მიზანი საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, კომერციის, ვაჭრობისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გამყარებაა. გარდა ამისა, პროექტის თანმახმად, საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი სიტუაციის გამო და მზადყოფნას გამოთქვამს გახდეს „თავისუფალი არენა“ ჩრდილოკავკასიელი უფლებათადამცველებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, თბილისი ასევე მზადაა დაეხმაროს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს ისტორიული სამართლიანობის აღდგენასა და წარსულში ამ ხალხების მიმართ ჩადენილი დანაშაულებების ფაქტების დადგენაში.

კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის გარშემო კეთილგანწყობილი გარემო არსებობდეს.

„მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ბოლო მოეღება ყველანაირ ინსინუაციებს, თითქოსდა ქართული პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმართული არის ვითარების დესტაბილიზაციისკენ,“– განაცხადა წიკლაურმა და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ გვსურს მშვიდობიანი, სტაბილური, უსაფრთხო გარემო კავკასიის რეგიონში“.

 

კომენტარები