საქართველო-ჩრდილო კავკასია

საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია მიიღო

29 ივნისს პარლამენტმა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების შესახებ საქართველოს სტრატეგია მიიღო. ახალ დოკუმენტში განმარტებულია ყველა მიმართულება, რომლითაც თბილისი მეზობელი რეგიონის ხალხებთან ურთიერთობის განვითარებას გეგმავს.

სტრატეგიის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო დაინტერესებულია, ჩრდილოეთ კავკასია „იყოს სტაბილური, უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებული რეგიონი”, ხოლო სტრატეგიის მიზანია საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, კომერციის, ვაჭრობისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების დამყარება. 

პროექტის თანახმად, თბილისი ასევე მზადაა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს დაეხმაროს ისტორიული სიმართლის აღდგენასა და წარსულში ამ ხალხების მიმართ ჩადენილი დანაშაულებების ფაქტების დეტალურ დადგენაში.

სტრატეგიაში ცალკე არის გამოყოფილი თავი სახელწოდებით ,,ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობა’’, სადაც ნათქვამია, რომ ,,რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კავკასიელი ხალხები არაერთხელ ხდებოდნენ ეთნიკური წმენდების, დეპორტაციების და გენოციდის მსხვერპლი’’, რაც ,,უნდა გახდეს ისტორიული და იურიდიული კვლევის საგანი’’ და ,,მიეცეს მკაფიო და მყარად დასაბუთებული ისტორიული შეფასება’’.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო მხარს დაუჭერს ასეთი ფაქტების დეტალურ შესწავლას. ასევე ნათქვამია, რომ საქართველო მზადაა დაეხმაროს ,,ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საკუთარი უფლებების დაცვაში, მათი რეალური მდგომარეობის შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების გზით’’.

კომენტარები