საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა ღრმა შეშფოთება 2012 წლის 24 აპრილს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლასა და მექანიზმების მომდევნო შეხვედრებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობისთვის შესაძლო წინააღმდეგობასთან დაკავშირებით.
საქართველოს მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ განხორციელებული დემარში წარმოადგენს მხოლოდ ერთ ნაწილს იმ რიგი ქმედებებისა, რომლებიც მიმართულია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესუსტებისკენ.
”გალში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას წინ უსწრებდა მოსკოვის მხრიდან ცხინვალის IPRM-ში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს როლის დაკნინების არაერთი მცდელობა, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის მისიის დამკვირვებელთა შეშვებასა და გაეროსა და ეუთოს სრულფასოვანი მისიების განლაგებაზე უარის თქმა. ევროკავშირის მისიის წინააღმდეგ აღნიშნული და სხვა ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთს არ აწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი საერთაშორისო მისიის არსებობა.”- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს IPRM-ისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ის ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შეაფასოს შექმნილი ვითარება და ჩაერთოს სერიოზულ დიალოგში მოსკოვთან მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, მათ შორის რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვების აუცილებლობის თაობაზე.




