საგარეო საქმეთა სამინისტრო

თბილისში მიესალმნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეაქციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნის ფაქტებზე, რაც საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში აისახა.

2012 წლის 23 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განიხილეს ანგარიში რუსეთის ფედერაციის 2012 წლის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, რომელიც ცალსახად გმობს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული იგნორირებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნის ფაქტებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნა „წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას."

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დოკუმენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას,  "რუსული პასპორტები გააჩნდათ რუსეთის ხელისუფლების ე.წ. პასპორტიზაციის პოლიტიკის შედეგად", რაც „გაკრიტიკებულია ტალიავინის მოხსენებაში და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ და შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.

 

კომენტარები