ფორმულა 1

ყველაზე სწრაფები

გუშინ, 15 აპრილს, შანხაიში ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის მესამე ეტაპი შედგა. სამკვირიანი შესვენების შემდეგ გამართული ჩინეთის დიდი პრიზის გათამაშებაც ისევე საინტერესოდ წარიმართა, როგორც პირველი ორი ეტაპი – ავსტრალიის და მალაიზიის.

ძალიან კარგია, რომ წლევანდელი სეზონის დასაწყისი დაძაბულია. შარშანდელი პირველობისგან განსხვავებით, როცა რედ ბულის გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა ლამის საწყისი ეტაპებისთანავე გაინაღდა ჩემპიონის ტიტული, ახლა რთულია იმის თქმა, თუ ვინ გახდება სამეფო რბოლების გამარჯვებული.

ფეტელის შარშანდელი ბოლიდი რედ ბულის RB7 ფორმულა ერთის ანალიტიკოსებმა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სარბოლო მანქანად აღიარეს. შარშანდელ საჩემპიონო სეზონში ფეტელმა RB7-ით 11 დიდი პრიზი მოიგო, კიდევ ექვსჯერ კი კვარცხლბეკზე დადგა.

ტაბულა ფორმულა ერთის ისტორიაში 5 საუკეთესო ბოლიდს წარმოგიდგენთ.

ფერარი 500: 1952-1953 – 14 დიდი პრიზი

ფერარის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბოლიდმა F2004-მა ამ მოდელზე მეტი რბოლა ერთ სეზონში მოიგო, მაგრამ ამით ფერარი 500-ის კვალი ავტოსპორტის ისტორიაში წამითაც არ უფერულდება.

XX საუკუნის შუა წლებში, ფორმულა ერთის გარიჟრაჟზე, სეზონში ათი რბოლაც არ იმართებოდა, ამის გათვალისწინებით კი ფერარი 500-ის ტრიუმფი 1952 და 1953 წლებში გათამაშებული 17 დიდი პრიზიდან 14-ში, უდავოდ ბრწყინვალე შედეგად უნდა ჩაითვალოს.

ალბერტო ასკარიმ, ფერარის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო პილოტმა, იმ წლებში ორჯერ მოიგო პირველობა, სკუდერიას კი ამდენჯერვე მოუტანა კონსტრუქტორთა თასი.

1952 წელს ასკარიმ ზედიზედ იმარჯვა ექვს ეტაპზე: ბელგიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში, 1953 წლის სტარტზე კი არავის დაუთმო პირველობა არგენტინაში, ჰოლანდიასა და ბელგიაში. ეს მაჩვენებელი – ზედიზედ 9 ტრიუმფი – ფორმულა 1-ის უძველესი რეკორდია!

1952 წელს ფერარი 500-მა რვიდან შვიდი რბოლა მოიგო – ეს რეკორდი მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ განმეორდა, 1988 წელს მაკლარენ MP4/4-ის მიერ.

ლოტუს 78: 1978 – 8 დიდი პრიზი

ავტორბოლების სამყაროში საუკეთესო კონსტრუქტორად დღეს ბრიტანელი ედრიან ნიუი ითვლება. ის ერთადერთია, რომელმაც სამ გუნდს მოაგებინა კონსტრუქტორთა თასი (უილიამსი, მაკლარენი, რედ ბული). გასული საუკუნის 60-70-იან წლებში კი ასეთად არანაკლებ სახელოვანი მეორე ბრიტანელი, კოლინ ჩეპმენი მიიჩნეოდა. მისმა გუნდმა, ლოტუსმა, ფორმულა 1-ის პილოტების პირველობა ექვსჯერ, კონსტრუქტორთა თასი კი შვიდჯერ მოიგო.

1977 წლის სეზონის მიწურულს მან ჯეფ ოლდრიჯთან და მარტინ ოგილვისთან ერთად შექმნა ბოლიდი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა სამეფო რბოლებში: ჩეპმენმა ლოტუს 78-ში პირველად გამოიყენა ეგრეთ წოდებული „გრაუნდ-ეფექტი”, რომლის წყალობითაც მანქანა ტრასას „მოეჭიდა” და ურთულესი მოსახვევების არნახული სისწრაფით გავლა შეძლო.

1977 წელს, ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში მყოფი ლოტუს 78, მიუხედავად ხუთი ტრიუმფისა, საერთო ჩათვლაში მეორე იყო, თუმცა მომდევნო წელს კონკურენტი აღარ ჰყავდა: ამერიკელმა პილოტმა მარიო ანდრეტიმ ექვსი დიდი პრიზი და ჩემპიონატი მოიგო, გუნდმა კი რვა ეტაპი და კონსტრუქტორთა თასი. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა გუნდის კიდევ ერთმა პილოტმა, შვედმა რონი პეტერსონმა: მან სამხრეთ აფრიკასა და ავსტრიაში იმარჯვა, ამას გარდა, ხუთჯერ საუკეთესო სამეულში მოხვდა.

უილიამს FW11: 1986-87 – 18 დიდი პრიზი

ვიზუალური თვალსაზრისით, ეს ბოლიდი კონკურენტებისგან ძალიან არ გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, ჰონდას ბრწყინვალე ძრავის წყალობით ძალიან საიმედო და ძლიერი იყო.

1986 წელს, როცა გუნდის მფლობელი ფრენკ უილიამსი ავარიაში მოჰყვა და სამუდამოდ მიეჯაჭვა სავარძელს, ბრიტანელმა ნაიჯელ მენსელმა და ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ ცხრა დიდი პრიზი მოიგეს.

უილიამსმა კონსტრუქტორთა თასი კი მოიპოვა, მაგრამ პილოტებს შორის გამარჯვება მაკლარენის ფრანგ წევრ ალენ პროსტს დარჩა: სეზონის უკანასკნელ ეტაპზე, ავსტრალიაში, რბოლის ლიდერ მენსელს ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე საბურავი გაუსკდა, პიკეს კი იძულებითი შესვენების შემდეგ, პროსტმა გადაასწრო და ჩემპიონიც გახდა. „პროფესორად” წოდებულმა ფრანგმა საერთო ჩათვლაში მენსელს ორი, პიკეს კი სამი ქულით გაუსწრო!

მომდევნო წელს FW11 ორივე ასპარეზზე შეუდარებელი იყო: ისევ 9 გამარჯვება, ნელსონ პიკეს ტრიუმფი და კონსტრუქტორთა მორიგი თასი! ამას გარდა, ბოლიდმა 12-ჯერ მოიგო საკვალიფიკაციო რბოლა, 7-ჯერ კი ტრასის რეკორდი დაამყარა. ნაიჯელ მენსელი კვლავ მეორე ადგილზე გავიდა – ჩემპიონს 12 ქულით ჩამორჩა.

1987 წლის მიწურულს FW11-ზე პირველად გამოჩნდა ეგრეთ წოდებული აქტიური დაკიდების სისტემა, რამაც გუნდს რამდენიმე წლის შემდეგ ახალი გამარჯვებები მოუტანა, თუმცა უკვე სხვა, მოდიფიცირებული ბოლიდით.

მაკლარენ MP4/4: 1988 – 15 დიდი პრიზი

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბოლიდი: ალენ პროსტმა და აირტონ სენამ იმ წელს გამართული 16 რბოლიდან 15 მოიგეს!

ბრაზილიელი „წვიმის კაცი” – აირტონ სენა პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: 8 დიდი პრიზი აღმართა და 13-ჯერ დაიწყო რბოლა პირველი პოზიციიდან. კონსტრუქტორთა თასი MP4/4-მა საოცარი უპირატესობით მოიგო – 199 ქულა დააგროვა (იმ დროისთვის ეს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი იყო), მეორეზე კი 65 ქულით ფერარი გავიდა. საგულისხმოა, რომ ამ ბოლიდით სენა-პროსტის წყვილმა ათჯერ დაიკავა კვარცხლბეკზე პირველი-მეორე ადგილი!

MP4/4-ის კონსტრუქტორი შოტლანდიური წარმოშობის სამხრეთაფრიკელი გორდონ მარეი გახლდათ, ვინც მაკლარენამდე ბრიტანულ ბრებჰემში მოღვაწეობდა. 1988 წლის ტრიუმფი მომდევნო სეზონებშიც გაგრძელდა: სხვადასხვა კუთხით გაუმჯობესებულმა MP4/4-მა 1989-1991 წლებში კიდევ სამჯერ მოიგო კონსტრუქტორთა თასი. 1989 წელს პროსტი მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რასაც 1990 და 1991 წლებში სენას ტრიუმფები მოჰყვა.

მარეიმ მაკლარენის ფორმულა 1-ის გუნდი 2004 წელს დატოვა და კომპანიის საგზაო ავტომობილების შემუშავებაზე გადაერთო. საქვეყნოდ ცნობილი მაკლარენ F1-ის და მერსედეს-ბენც SLR მაკლარენის მთავარი კონსტრუქტორი სწორედ მარეია.

ფერარი F2004: 2004 – 15 დიდი პრიზი

ამ ბოლიდმა სამეფო რბოლების ყველაზე ტიტულიან გუნდს 2004 წელს ზედიზედ მეექვსედ მოუტანა კონსტრუქტორთა თასი, გერმანელმა მიხაელ შუმახერმა კი, რომელმაც სეზონში 13 დიდი პრიზი მოიგო, ზედიზედ მეხუთედ, საერთო ჯამში კი მეშვიდედ და უკანასკნელად იზეიმა ჩემპიონობა!

F2004 F2002-ის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო: ამ უკანასკნელმა ასევე 15 რბოლა მოიგო, თუმცა 2002 წელს 14 და ერთიც 2003-ში.

ფერარის გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა როს ბრაუნმა 2005-ის სეზონიც F2004-ით დაიწყო, ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ პირველივე ეტაპზე შეძლო პოდიუმზე ასვლა, მაგრამ მალაიზიაში გამართული მეორე ეტაპის შემდეგ F2004-ის სახელოვანი ისტორია საბოლოოდ დასრულდა.

საერთო ჯამში, ეს სარბოლო მანქანა ერთ-ერთი უძლიერესია ფერარის ისტორიაში: 20 ეტაპიდან მოიგო 15, 14-ჯერ დაამყარა ტრასის რეკორდი, საკვალიფიკაციო რბოლა კი 12-ჯერ მოიგო!

როს ბრაუნთან ერთად ამ ბოლიდის კონსტრუქტორები იყვნენ რორი ბირნი და ალდო კოსტა.

 

კომენტარები