მოსკოვი

სერეგი ლავროვმა სოხუმიდან ვიაჩესლავ ჩირიკბას უმასპინძლა

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით იმყოფება აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა. სერგეი ლავროვმა ის დღეს მიიღო.

გავრცელებული ცნობებით, ლავროვმა და ჩირიკბამ საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს და ხელი მოაწერეს "კონსულტაციების გეგმას" აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მასზე ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველომ უარი თქვა რუსეთის მიმართ ”ღია ცის” ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაზე, იმ მიზეზით, რომ რუსეთი 2010 წლიდან მოყოლებული არღვევს ამავე ხელშეკრულების ვალდებულებებს.

ვუაჩესლავ ჩირიკბამ თქვა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება აფხაზეთში შეშფოთებას არ იწვევს, რადგან რუსეთთან არსებობს საიმედო შეთანხმება - ”ტერიტორიის, საზღვრების და საჰაერო სივრცის ერთობლივად დაცვის შესახებ.”

რაც შეეხება სერეგი ლავროვს, მან საქართველოს გადაწყვეტილებას უწოდა ”არასწორი” და დასძინა: ” ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თავის ეგოისტურ განზრახვებს შესწიროს ნებისმიერი საკითხი.”

რუსეთის მიმართ ”ღია ცის” ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმა კი საქართველოს საგარეო უწყებამ რამდენიმე დღის წინ, საკუთარ განცხადებაში განმარტა. მასში ნათქვამია, რომ 2010 წელს, რუსეთმა ხელშეკრულების დარღვევით, თვითნებური შეზღუდვები დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს სადამკვირვებლო ფრენებზე. კერძოდ, რუსეთმა საბაბად გამოიყენა დებულება, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს უკრძალავს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას. შედეგად, რუსეთმა აკრძალა მის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, იმ მოტივით, რომ ისინი წარმოადგენენ ”დამოუკიდებელ სახელმწიფოებს” და არ არიან ხელშეკრულების წევრები. ” რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს მრავალმხრივი ხელშეკრულების დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ხელშეკრულების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი წარმონაქმნის აღიარების გზით.”- აღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები