რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ საქართველოს გადაწყვეტილებას, რუსეთის მიმართ ”ღია ცის” ხელშეკრულების ვალდებულებებზე უარის თქმის თაობაზე.
”მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის მონაწილეობით. თბილისის აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ღია ცის შესახებ ხელშეკრულების უხეშ დარღვევას.”- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა. საქართველოს გადაწყვეტილებას მან უწოდა ” საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების არაკეთილსინდისიერად პოლიტიზირების ტიპიური მაგალითი.”
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ცოტა ხნის წინ განმარტა, რომ რუსეთის მიმართ ”ღია ცის” ხელშეკრულების ვალდებულებებზე უარი ითქვა რუსეთის მიერ ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ. საქართველოს საგარეო უწყებამ საკუთარ განცხადებაში განმარტა, რომ 2010 წელს, რუსეთმა ხელშეკრულების დარღვევით, თვითნებური შეზღუდვები დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს სადამკვირვებლო ფრენებზე. კერძოდ, რუსეთმა საბაბად გამოიყენა დებულება, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს უკრძალავს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას. შედეგად, რუსეთმა აკრძალა მის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, იმ მოტივით, რომ ისინი წარმოადგენენ ”დამოუკიდებელ სახელმწიფოებს” და არ არიან ხელშეკრულების წევრები.
”ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს მრავალმხრივი ხელშეკრულების დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ხელშეკრულების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი წარმონაქმნის აღიარების გზით. ასევე, ისიც ცხადია, რომ რუსეთს არც იმის უფლება აქვს, აიძულოს ხელშეკრულების წევრი სხვა ქვეყნები დათანხმდნენ აღნიშნული წარმონაქმნის უკანონო აღიარებას.”- ნათქვამი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ალექსანდრ ლუკაშევიჩი კი აცხადებს: ”ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ცდილობდა შეთანხმების წევრ ქვეყნებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, საინსპექციო ფრენები განეხორციელებინათ რუსეთის სახელმწიფო საზღვართან – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის გასწვრივ. ამის მიზანი იყო ის, რომ აღნიშნულიყო საქართველოს პრეტენზია ამ რესპუბლიკების მიმართ, რომლებიც საბოლოოდ გამოეყვნენ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ავანტიურის შედეგად.”
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე შექმნილი ვითარების შესახებ სრულ ანალიზს ჩაატარებს და შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს აცნობებს.
ლუკაშევიჩის განცხადებას თბილისში ”აბსურდული” უწოდეს. ”ეს არის, ძალიან აბსურდული და კლასიკური გამოხატულება რუსული დიპლომატიისა - ყოველი საკუთარი შეცდომა სხვას გადააბრალო და ამით ეცადო თავი გაიმართლო.”- მოჰყავს სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის კომენტარი.




