რელიგია

ილია მეორე: ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება

გუშინ ღამით კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეპისტოლე, დამკვიდრებული ტრადიციით არქიდიაკონმა დემეტრემ ღვთისმსახურების დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან წაიკითხა. კათალიკოსი ილია ეპისტოლეს დასაწყისში აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს. დღესასწაულის გარშემო ქადაგების გარდა, რომელიც წლიდან-წლამდე იგივე რჩება და რაზეც პრინციპულად ახალს ვერაფერს იტყოდა, კათალიკოსმა ეპისტოლეს ვრცელი ნაწილი „უღმერთოებზე“ საუბარს დაუთმო.

პატრიარქის თქმით, მათ ცხოვრებას ღმერთის გარეშე აზრი დაეკარგა: „რა აზრი აქვს გამრავლებისათვის ზრუნვას, თუ შთამომავლობა შენთან ერთად არარაობად უნდა იქცეს? მით უმეტეს, რა აზრი აქვს პროგრესს, კაცობრიობისათვის ზრუნვას, თუ ჩვენი მონაპოვარი მოხმარდება მათ, ვინც ხვალ აღარ იარსებებს?“ კათალიკოსმა სიცოცხლისადმი ამგვარ, „უღმერთო“ დამოკიდებულებას, როცა ადამიანი ამ ქვეყნად ბედნიერების მაქსიმუმის მიღებას ცდილობს, ისე რომ არ ზრუნავს იმქვეყნიურზე, „პრიმიტიული“ უწოდა. ამით მის ლექსიკონში ახალი სიტყვაც დამკვიდრდა.

ილია მეორემ ახალ, მავნე იდეოლოგიებზე საუბრისას განაცხადა, რომ „სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბოლოს უკვე ასეთი პრინციპიც წამოაყენეს: რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია! ეს ნიშნავს, რომ ბოროტებაც მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია! ასეთი ცხოვრების ფილოსოფია ერთ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა იდეასა და შეხედულებას, ღირებულებათა ყველა სისტემას და ადამიანს ნებისმიერი არჩევანის გამართლებას სთავაზობს.“

პატრიარქი არ ასახელებს კონკრეტულად ვინ არის ამ მორალური რელატივიზმის იდეების ხელისშემწყობი, ან რატომ შეურჩია მათ სახელი „სეკულარიზაციის მიმდევრები“, მაგრამ ეს პატრიარქის თითქმის ყველა ეპისტოლეს თავისებურებაა - დასახო სიკეთის მტერი, მაგრამ არ დაასახელო. შემდეგ მრევლი გემოვნების მიხედვით შეძლებს მათ ამოცნობას ნებისმიერში და ცოდვის აღკვეთაც გაადვილდება. მართალია არ ვიცით ვინ არიან წლევანდელი სეკულარისტები, რომლებსაც ადრე კათალიკოსი „ფსევდოლიბერალებად“  მოიხსენიებდა, მაგრამ ვიცით, რომ მათ საზოგადოების გადაგვარება ასე დაიწყეს:

„საზოგადოებრივი ყოფისადმი "ახალი მიდგომა" ჯერ გამოიხატა იმით, რომ შეეცადნენ, ადამიანისათვის დაევიწყებინათ ცოდვის განცდა და ამოქმედდა ასეთი პრინციპი: ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. მაგ: სხვისი უზნეობა თუ მე არაფერს მიშავებს, ეს ქმედება უარყოფითი აღარ არის...“ კათალიკოსმა ასევე დაიმოწმა გაურკვეველი „თეოლოგები“ რომელთა აზრით „ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების წინ წამოწევას ემსახურება.“ - სიტყვა „ვულგარულიც“ პატრიარქის ლექსიკონის მეორე ახალი შენაძენია.

მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორე არ ასახელებს ვინ არის ცრუ თავისუფლების იდეათა გამავრცელებელი, ის მაინც ამჩნევს მათ, თანაც, პირდაპირ მისი კაბინეტის ფანჯრიდან: „ამ "ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულებაა 100000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება, ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის... გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა "გმირების" პოპულარიზაცია.“ როგორც ჩანს ჩვენ მაინც გავიგეთ ვინ არიან ისინი, ვინც კარგსა და ცუდს შორის ზღვარის წაშლას ცდილობენ: ისინი ვინც საღამოობით ბუდა როლებს შეექცევიან.

კომენტარები