ირანის ბირთვული პროგრამა

სტამბულში ირანის ბირთვულ პროგრამას განიხილავენ

სტამბულში მსოფლიოს ექვსი დიდი სახელმწიფოს წარმომადგენლები ირანის დელეგაციასთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს შეუდგნენ. აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის დიპლომატები თეირანისგან ჩიხში შესულ პროგრამაზე დათმობებს მოელიან.

მოლაპარაკებები ირანსა და P5+1 (გაეროს ხუთი მუდმივი წევრი + გერმანია) ჯგუფს შორის უკანასკნელ 15 თვეში პირველია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა მაიკლ მანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკები პოზიტიურ ატმოსფეროში დაიწყო და ჯერჯერობით უთანხმოება არაა.

დასავლელი ოფიციალური პირებისთვის სასწრაფო პრიორიტეტია თეირანის დარწმუნება, რათა მან შეწყვიტოს 2010 წელს დაწყებული ურანის გამდიდრება. ირანი შესაძლოა სანქციების შემსუბუქებას დაელოდოს ბირთვული პროგრამის შეჩერების პასუხად, თუმცა სტამბულში დასავლელი დიპლომატები სანქციების საკითხს არ განიხილავენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოლაპარაკებებს ირანის ბირთვული პრობლემის დიპლომატიური საშუალებებით გადაწყვეტის ‘უკანასკნელი შანსი’ უწოდა. სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის თქმით, ირანმა ‘თავისი წინადადებებით ნათლად უნდა გამოხატოს, რომ მას ბირთვული იარაღის შექმნის ამბიცია არ აქვს’. ისრაელს მოლაპარაკებების წარმატებისა არ სჯერა. თელ-ავივის აზრით, ირანი მოლაპარაკებების გაჭიმვით ატომური ბომბის შესაქმნელად საჭირო დროს იგებს.

 

კომენტარები