ფოტოგრაფის ერთი ფოტო

თემო ბარძიმაშვილი

წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრთან” ერთად ვმუშაობდი პროექტზე, რომელიც 1940-იან წლებში გადასახლებული მესხების ახლანდელ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ტრადიციების აღწერას შეეხებოდა. შირინბეილში მესხების ქორწილში მოვხვდი. ერთი შეხედვით, სიტუაცია დიდად საინტერესო არ ჩანდა. პატარძალი თავის ოთახში გამოკეტილი იყო, ემზადებოდა სასიძოს მოსვლისთვის, მე კი კარებთან მის გამოსვლას ველოდებოდი. თავს საქორწინო ფოტოგრაფად ვგრძნობდი. სიძე ჯერ კიდევ არ ჩანდა, როდესაც უცებ კარი გაიღო და საქორწინო კაბაში გამოწყობილი პატარძალი გამოიყვანეს – სურათის გადაღება უნდოდათ. მერე, კომპიუტერის ეკრანზე დავაკვირდი პატარძლის სახეს. მასზე, მესხური ტრადიციების მიხედვით, ღიმილის ნასახიც არ იყო. თუმცა უმეტყველოსაც ვერ დაარქმევდი: მასში ქედმაღლობა, ერთგვარი დაცინვა და თავის თავში დარწმუნებულობა ერია, რაც ნათლად უჩვენებდა, თუ რა განწყობით თხოვდებოდა ის. ამის შემდეგ ხშირად ვცდილობ, ადამიანური ისტორიები პორტრეტების მეშვეობით მოვყვე.

კომენტარები