რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

თბილისში რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების მოწოდებას რუსეთის მოქალაქეებისადმი, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგამ, რადგან იქ რუსეთის მოქალაქეებს აპატიმრებენ და სდევნიან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ საფუძველზე.

"რუსეთის ხელისუფლება აშკარად დაიბნა და ჯერ აბსურდული მიზეზებით აარიდა თავი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას, ხოლო შემდეგ უკვე შეეცადა და ამჟამადაც ცდილობს შეთხზული საფრთხეებით დააშინოს საკუთარი მოქალაქეები .რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ცნობა ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა, არამედ რუს და ქართველ ხალხებს ნორმალური ურთიერთობის და მეგობრობისა. ეს ცნობა აშკარად მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს სერიოზული შიში იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქისათვის საქართველოში ვიზიტების შედეგად, ნათელი ხდება რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის სიყალბე და შესაბამისად საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მანკიერი ხასიათი. “- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად თებერვლის ბოლოს გააუქმა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პრეზიდენტის ინიციატივა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოითხოვეს საქართველოს სამართლებრივ დონეზე გაემყარებინა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები. აქცენტი გაკეთად საქართველოს კანონზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ," რუსეთში, ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუშვეს საქართველოს გადაწყვეტილების საპასუხო ნაბიჯზე წასვლა, ხაზი გაუსვეს, რომ ხსენებული კანონის ძალით საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება რუსეთის მოქალაქე, რომლიც რუსეთის ტერიტორიიდან არის გადასული აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში.

 რაც შეეხება კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ," საქართველოს საგარეო უწყება განმარტავს, რომ ის მიიღეს 2008 წლის 23 ოქტომბერს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, საქართველოს განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის და საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

„საქართველოს მხარემ ოფიციალურად, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, არაერთგზის განმარტა ამ კანონის დებულებები, რის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული რუსეთის საგარეო უწყება. დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს მორიგი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდება და რუსეთის უამრავი მოქალაქე, ვინც აპირებს ჩამოსვლას საქართველოში, თავად დარწმუნდება, ისევე როგორც ისინი, ვინც უკვე იმყოფებოდა აქ, რომ საქართველოში სტუმრობა არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები