კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბრალდებებს პასუხობს

მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის"  ორგანიზებით დღეს გაიმართა საპროტესტო აქცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობასთან.

 აქციის მონაწილეებმა კომისია   ხელისუფლებისთვის ”არასასურველ ტელეკომპანიებზე” ზეწოლაში დაადანაშაულეს.  

მანამდე,  მედიაგაერთიანებამ  ” სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის” გაავრცელა პეტიცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ცოტა ხნის წინ,  კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ ტელეკომპანია "თრიალეთი" სიხშირეების ”უკანონო ” გამოყენებისთვის 5000 ლარით დააჯარიმა.  პეტიციის ავტორებმა ხელისუფლება დაადანაშაულეს მე-9 არხზე ზეწოლაშიც და განაცხადეს,  რომ  ის  ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანიის გავრცელების არე.

გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ხატია ყურაშვილმა ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, რომ  ტელეკომპანია  ”თრიალეთის”  დირექტორ  ბადრი ნანიტაშვილი ” კარგა ხანია პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით ცდილობს გადაფაროს საკუთარ კომპანიაში არსებული პრობლემები”.

ყურაშვილის თქმით, კომისიამ  შიდა ქართის რეგიონში მონიტორინგი ”თრიალეთის”  მოთხოვნით ჩაატარა, რადგან აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონკურენტი კომპანია ”დია” არღვევდა კანონმდებლობას. მოხდა ისე, რომ მონიტორინგის პროცესში  დაღვევები ”დიაში”  არ აღმოჩნდა, მაგრამ  აღმოჩნდა თრიალეთის საკაბელო ოპერატორში. 

”მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ საკაბელო ოპერატორი (და არა მაუწყებელი) შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ 11.864-12.064 მჰც რადიოსიხშირულ სპექტრს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იყენებდა. ეს დარღვევა დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებითა და შემოწმების შედეგად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით.აქედან გამომდინარე, კომისიამ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით. ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ აეკრძალა შესაბამისი უფლების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობა.”- განმარტავს  კომისია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება მე-9 არხს ანუ  შპს  ”იგრიკას”

”6 თვის წინ მასზე გაიცა  მაუწყებლობის  ლიცენზია, მოგვიანებით მიიღო  თანამგზავრული  მაუწყებლობის უფლებაც,   ერთი თვის წინ კი ამავე   კომპანიამ რადიოსიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ლიცენზიაც მიიღო. ყველა მისი მოთხოვნა კომისიამ დააკმაყოფილა და უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, რომ კომისია ახორციელებს რაიმე სახის ზეწოლას ამ კომპანიაზე.”- განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

კომენტარები