ფეხბურთი

როკენროლ ფეხბურთი

სამოციანების სტატიკურმა ფეხბურთმა, მომდევნო დეკადაში ტრანსფორმაცია განიცადა – დაცვაზე ორიენტირება მოდაში აღარ არის, დაცვა სიმახინჯედ ითვლება, უკან ნორმან ჰანტერისნაირი ტიპები თამაშობენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯონ ლაიდონმა ანარქია მოაწყო, სტრამერმა ქლეში შეკრა, შონ კონერი ბონდიდან წავიდა, დადლი მურმა და პიტერ კუკმა BBC-ის ცენზურა დაამხეს. მოკლედ, 70-იანებია. ამ ეპოქას ფეხბურთელებიც თავისებური ჰყავდა, უფრო სწორად, ფეხბურთელთა პატარა სეგმენტი, რომელიც თეტჩერის მმართველობის საწყის წლებში, ინგლისში არსებულმა დეპრესიულმა ფონმა შთანთქა.

სწორედ მაშინ შეიქმნა გარკვეული ფენა, როკენროლა ფეხბურთელები: ძირითადად შემტევი ნახევარმცველები, ბრიტანული ფეხბურთის ფოლკლორში ჩაძირული ხალხი, აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, გრძელი თმა, ელვის პრესლის იმიჯი, იაგუარი, იღლიაში გაჩრილი მის მსოფლიო, მოზღვავებული ტალანტი და ფეხბურთისადმი არასერიოზული დამოკიდებულება. ტონი კური, როდნი მარში, ჩარლი ჯორჯი, სტენ ბოულსი, რობინ ფრაიდეი, დანკან მაკენზი, პიტერ ოზგუდი, ფრენკ უორტინგტონი და რაღა თქმა უნდა, ჯორჯ ბესტი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც მწვრთნელებს უყვარდათ, მაგრამ არ ენდობოდნენ.

სტენ ბოულსი, მანჩესტერის ჯურღმულებში გაზრდილი ბიჭი, ფეხბურთს მხოლოდ კარგი ხელფასის გამო თამაშობდა. 1975-76 წლების უეფას თასის ბომბარდირი, თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი და, ამავდროულად, საშინელი გემბლერი.

ერთხელ, ბოულსი ინგლისის ნაკრების თამაშზე არ გამოცხადდა, რადგან ძაღლების დოღზე ფსონის დადებით იყო დაკავებული. მეორედ ჰამბურგის დელეგაცია ბოულსთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა ლონდონში. სტენი, სასტუმროში დათქმულ შეხვედრაზე არ მივიდა, მიზეზი ისევ ძაღლების დოღი იყო. გერმანელებმა კევინ კიგანთან გააფორმეს ხელშეკრულება.

დონ რივის ნაკრებში (ყველაზე ცუდი ინგლისის ნაკრები), ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, მოგების შემთხვევაში თითოეულ ფეხბურთელს 200 გირვანქას უხდიდა მეტი მოტივაციისათვის. ლივერპულის და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი, ემილინ ჰიუზი გასახდელში წამოხტა – მე გულზე რომ მახატია, აი ამ სამი ლომისთვის მოვდივარ აქ სათამაშოდ და არა ფულისთვისო. “კი ბატონო, სამი ლომისთვის ითამაშე, შენს 200 გირვანქას მე ავიღებ”, – სტენ ბოულსი.

1974 წლის ჩარიტი შილდზე დანკან მაკენზი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. იქვე ტრიბუნასთან, მინი კუპერი იდგა და მაკენზი მას რამდენჯერმე გადაახტა. 70,000 მაყურებელი მისი ხტუნაობით უფრო იყო გართული, ვიდრე მიმდინარე მატჩით. არსენალის ლეგენდამ, ჩარლი ჯორმა ალფ რამსის შეაგინა (რამდენიმე წლის შემდეგ, ბრაიან კლაფსაც აგინა), რის გამოც ნაკრებში ადგილი დაკარგა. ფრენკ უორტინგტონს, 1978-79 წლების სეზონის ტოპ დივიზიონის ბომბარდირს და მაჩოს, სწამდა, რომ ელვისი იყო.

რობინ ფრაიდეის პროფესიულმა ფეხბურთმა სულ 3 წელიწადს გასტანა. ეს იყო 3 ფენომენალური სეზონი. ითამაშა რედინგში და ერთი სეზონი კარდიფში. კარიერა 25 წლისამ დაასრულა, რადგან უბრალოდ მობეზრდა ფეხბურთის თამაში. დაბრუნდა ლონდონში და ასფალტის დამგებად დაიწყო მუშაობა. ამ დროს მიუვიდა პეტიცია, რომელსაც 3,000 გულშემატკივარი აწერდა ხელს. ითხოვდნენ, რომ ფეხბურთს დაბრუნებოდა, რაზეც ფრაიდეიმ უარი განაცხადა. 1990 წელს, საკუთარ ბინაში, ჰეროინის დიდი დოზის შედეგად მიღებული გულის შეტევით გარდაიცვალა. დღემდე კარდიფის ერთ-ერთ საუკეთესო და რედინგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. 1997 წელს ოაზისის ბასისტმა პოლ მაკგიგანმა და ჟურნალისტმა პაოლო ჰევიტმა დაწერეს ფრაიდეის ბიოგრაფია – “უდიდესი ფეხბურთელი, რომელიც თქვენ არ გინახავთ”.

“მე არ ვარ თეთრი პელე, ის არის შავი როდნი მარში” – როდნი მარში. ჯორჯ ბესტის უახლოესი ძმაკაცი, ჩრდილო ამერიკის ლიგის და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა. სწორედ ჩრდილო ამერიკის ლიგაში, ტამპა ბეიში თამაშისას შეარქვეს მას “თეთრი პელე”. მაშინ ფეხბურთის მეფეც ჩრდილო ამერიკის ლიგაში (დღეს MLS) თამაშობდა.

2006 წელს ჩელსის რიგითი საშინაო შეხვედრისას, გულშემატკივრებს გამოფენილი ჰქონდათ ბანერი, წარწერით Peter Osgood – The King of Stamford Bridge. ერთ-ერთმა ქართველმა კომენტატორმა, ეს წარწერა შემდეგნაირად ახსნა: “ეს პიტერ ოზგუდი, ალბათ ჩელსის ფანკლუბის ლიდერი გახლავთ”. პიტერ ოზგუდი ჩელსისთვის იგივეა, რაც მანჩესტერისთვის ბობი ჩარლტონი და ბარსასთვის კრუიფი. მისი ფერფლი სტემფორდ ბრიჯზე, შიდ ენდის მხარეს, საპენალტო ნიშნულის ქვეშ არის დამარხული.

არამარტო ბრიტანეთში, კონტინენტზეც უკრავდნენ როკ-ენ-როლს. მაგალითად, კომოელი ბესტი, ტურინის საკულტო გმირი, ლუიჯი “ჯიჯი” მერონი. 1966 წლის მსოფლიოზე, მწვრთნელმა მას თმის შეჭრა მოსთხოვა. ჯიჯიმ არ შეიჭრა და კორეელებთან მატჩი გამოტოვა. იტალია ჯგუფში ჩარჩა. ფეხბურთთან ერთად, ავტოპორტრეტებს ხატავდა, საუკეთესო ფორმაში მყოფ ფაკეტის და მთლიანად ერერას დაცვით მექანიზმს არღვევდა. 24 წლის იყო, ფორმის პიკს უახლოვებოდა, როდესაც ტურინში გზაზე გადასვლისას მანქანამ დაარტყა. ადგილზე გარდაიცვალა. მისი საფლავის დარბევა, დერბი დელა მოლეს (ტურინული დერბი: იუვენტუსი – ტორინო) ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ამბავია.

ჯორჯ ბესტის გარდა, როკ-ენ-როლ ფეხბურთელს, ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში ვერ შეხვდებით. გარეტ ბერის უფრო მეტი შეხვედრა აქვს ინგლისის ნაკრებში ჩატარებული, ვიდრე ყველა როკ-ენ-როლას ერთად. ფილ ნევილს უფრო მეტი ტიტული აქვს მოგებული, ვიდრე ყველა მათგანს ერთად.

1981 წლის ინგლისის არეულობებმა, ფოკლენდმა, ნაციონალური ფრონტის გამოსვლებმა, ხულიგანიზმმა, ეიზელმა, ჰილსბრომ, ტეილორის მოხსენებამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ინგლისურ ფეხბურთზე. მოედნებზე თანდათან მცირდებოდა ფხიზელი ფეხბურთელების რაოდენობა, ყველა კონტინენტზე გარბოდა. გაქრნენ გრძელთმიანი, მხიარული და გემბლერი ტიპები.

დარჩა გაზა.

პრემიერლიგის დაარსებამ, ნელ-ნელა ყველა გამოაფხიზლა. 90-იან წლებში ინგლისური ფეხბურთი მაგარ სმოკინგში გამოწყობილ, ცხოვრებისკენ მობრუნებულ ბომჟს ჰგავდა, დახეთქილი ტუჩებით და გასახვევი თამბაქოსგან გაყვითლებული ულვაშებით. დღეს იქ მთვრალს ვერავის ნახავთ. დიდების დარბაზს უფრო მეტი პოტენციური კანდიდატი ჰყავს, ნაკრების კეპიც ყველას ახურავს. თანამედროვე ფეხბურთის მთელი რომანტიკა, ტვიტერზე, ჯო ბარტონის სტატუსებში იყრის თავს.

ჩარლი ჯორჯი დღეს ემირეიტს სტედიუმზე გიდად მუშაობს, როდნი მარში უძრავი ქონების სააგენტოს მართავს ფლორიდაში, დანკან მაკენზის მზა პროდუქტების მაღაზია აქვს ლივერპულში, სტენ ბოულსი ნოტინგემში ცხოვრობს და ძაღლების დოღის ხშირი სტუმარია.

გაქრა ფეხბურთიდან ჯო სტრამერის და სიდ ვიშესის თაობა. მათ არაფერი მოუგიათ, მუნდიალზე არ უთამაშიათ, მათ გვარებს კიგანის, შენონის და ლინეკერის გვერდით ვერ მოისმენთ. მაგრამ ისინი ყველას ახსოვს. არსენალის ლეგენდა პიტერ სტორი, ფეხბურთის თამაშთან ერთად, ფულის გაყალბებით, ავტომობილების გატაცებით და პორნოფილმების არალეგალური იმპორტით იყო დაკავებული – დიდების დარბაზის წევრია, აბა რა არის?

 

კომენტარები