ივანიშვილი პოლიტიკაში

საქართველოს ივანიშვილის ამერიკელი ლობისტი ეწვია

დღეს საქართველოს ეწვია და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ფრენკ ვიზნერი. ივანიშვილის პრესსამსახურმა ვიზნერი გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩად მოიხსენია და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ივანიშვილს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე ესაუბრა. პრესსამსახურს არ დაუზუსტებია, რომ  ვიზნერი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანია Patton Boggs LLP-ში მუშაობს.  გარდა ამისა, ვიზნერი არასდროს ყოფილა გაეროში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი  და ქვეყანას გაეროში მხოლოდ კოსოვოს მოლაპარაკებებზე  წარმოადგენდა 2005-2007 წლებში. ვიზნერის მამა ასევე ბალკანეთში მუშაობდა. ის ალბანეთში ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა და ენვერ ხოჯას დამხობას ცდილობდა.

Patton Boggs LLP ერთ-ერთია ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულ კომპანიებს შორის. ლობისტურ კომპანიაში ვიზნერი სხვადასხვა - მათ შორის საჯარო პოლიტიკისა და საერთაშორისო საკითხების - მიმართულებით მუშაობს.

2011 წლის ბოლოს ვიზნერი ობამას ადმინისტრაციამ ეგვიპტეში გაგზავნა, რათა მუბარაკის მშვიდობიან გადადგომაში მიეღო მონაწილეობა, თუმცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა განაცხადა: „პრეზიდეტი მუბარაკი უნდა დარჩეს თავის თანამდებობაზე... მან 60 წელი დაუთმო საკუთარ ქვეყანას და ახლა იდეალური მომენტია, მას მომავლის გზა უჩვენოს”. სახელმწიფო დეპარტამენტმა მალევე უარყო მისი კომენტარი და განაცხადა, რომ ვიზნერმა არა აშშ-ის პოზიცია, არამედ საკუთარი აზრი გამოთქვა.

ვიზნერის მამა ცენტრალური დაზვერვის სააგენტოში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. მისი მონაწილეობით დაიგეგმა გვატემალაში გუსმანის (1954) და ირანში მოსადეყის (1953) დამხობის ოპერაციები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ასევე იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სტრატეგიული სამსახურების ხელმძღვანელი. უფროსი ვიზნერი მართავდა პროექტებს: ოპერაცია კაჭკაჭი, რომლის ფარგლებში სადაზვერვო მიზნებით წამყვანი მედიის ჟურნალისტების რეკრუტირება ხდებოდა, და ოპერაცია სისხლიანი ქვა, რომლის ფარგლებშიც ყოფილი ნაცისტი ჯარისკაცების გადაბირება ხდებოდა. 1949 წელს უფროსი ვიზნერი ალბანეთში ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელად დაინიშნა და შექმნა კომიტეტი თავისუფალი ევროპისთვის. კომიტეტის საშუალებით უფროსი ვიზნერი ალბანეთში ენვერ ხოჯას რეჟიმის დამხობას ცდილობდა. ოპერაციის წარმატებისთვის ვიზნერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა კოსოვოში მცხოვრები ალბანელების გამოყენებას. ეს რეჟიმის ცენტრალური დაზვერვის მეშვეობით შეცვლის ერთ-ერთი პირველი ოპერაცია იყო ევროპაში.  უფროსმა ვიზნერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1961 წელს, უმცროსი ვიზნერი სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოურ სამსახურში ჩაეწერა და ალჟირში დაიწყო მუშაობა. 1964 წელს ის ვიეტნამში წავიდა, 4 წლის შემდეგ კი  – ტუნისსა და ბანგლადეშში. 1976 წელს  კარტერის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტში აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ დანიშნა.  თავის დროზე  იყო აშშ-ის ელჩი ზამბიაში(1979-82), ეგვიპტეში (1986-91), ფილიპინებსა (1991-92) და ინდოეთში (1994-97). კლინტონის ადმინსტრაციაში მუშაობდა თავდაცვის მდივნის მოადგილედ პოლიტიკის საკითხებში.  1997 წელს ვიზნერი სამუშაოდ გადავიდა ენერგო კომპანია Enron-ში, რომელსაც არაოფიციალური ლობისტური გზებით დაეხმარა ინდოეთში, ქუვეითსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ენერგო ცენტრების აშენებაში. ინდოეთში ელჩად ყოფნის პერიოდში ვიზნერი ჩართული იყო დაბოლის კორუფციის სკანდალში. როგორც გაირკვა, ვიზნერმა ინდოეთის მთავრობა დაარწმუნა Enron-ისთვის მიენდო ენერგო სადგურის მშენებლობა, რის შემდეგაც კომპანია მოსახლეობას ენერგიის რეალურ ფასზე ბევრად მეტს ახდევინებდა.  მოგვიანებით, ინდოეთის მთავრობამ უარი თქვა პროექტზე და ქრთამისა და მოსყიდვის ფაქტები გამოააშკარავა.  Enron ასევე დაინტერესებული იყო ევროპაში რუსული გაზის ექსპორტით. მოგვიანებით კომპანია კორუფციულ სკანდალში გაეხვა, ის არაპატიოსნად წარმოაჩენდა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას.  Enron შეკრული იყო აუდიტორებთან  და შეცდომაში შეჰყავდა აქციონერები. 2001 წელს კომპანია გაკოტრდა. ვიზნერი ასევე მუშაობდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სადაზღვევო კომპანიაში, American International Group, ის საგარეო ურთიერთობების ვიცედირექტორი იყო. ვიზნერმა კომპანიის ინდოეთში შეყვანა შეძლო, თუმცა კრიზისი შემდეგ AIG ვალის გამო სახელმწიფოს გადასარჩენი გახდა. ვიზნერი მალევე გადადგა თანამდებობიდან. 

ივანიშვილმა  მისივე დაქირავებული პიროვნება ერთხელ უკვე გააცნო საზოგადოებას აშშ-ის წარმომადგენლად – სემ პატენი, რომელიც ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილისთვის მუშაობს, ქართული ოცნების მიერ არაერთხელ იყო ნახსენები, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი.

ივანიშვილს, Patton Boggs LLP-ის გარდა,  სხვა ლობისტური კომპანიებიც ჰყავს დაქირავებული:  BGR GroupNational Strategies,  Parry Romani, DeConcini & Symms და ასე შემდეგ.

კომენტარები