რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

ონიშჩენკო საქართველოს რუსეთში ღორის ჭირის შეტანაში სდებს ბრალს

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გენადი ონიშჩენკოს მიაჩნია, რომ ე.წ. ღორის აფრიკული ჭირი რუსეთში საქართველოდან შეიტანეს -ეკონომიკური დივერსიის მიზნით.

"ღორის ჭირი (ASF) ჩვენთან შემოვიდა საქართველოდან, ჯერ ოსეთში, შემდეგ კრასნოდარსა და სტავროპოლის მხარეში. არის იმის ნიშნები, რომ ეს ხელოვნურად მოხდა, რომ ეს ეკონომიკური დივერსიაა. 3 წელია კრასნოდარის მხარე პრობლემას ებრძვისდ და ვერ უმკლავდება.“- აღნიშნა ონიშჩენკომ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებასთან ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა. 2007 წლიდან ცხოველის დაავადება რუსეთის ტერიტორიაზე ბევრგან გამოვლინდა, ქვეყნის მასშტაბით მან 440 000 ღორი იმსხვერპლა.

ღორის აფრიკულმა ჭირმა პირველად 1903 წელს, სამხრეთ აფრიკაში იჩინა თავი. ეს დაავადება დაავადებული ცხოველიდან ჯანმრთელ ცხოველს გადაეცემა და არ ვრცელდება ადამიანზე. აღნიშნული დააავადება ცხოველებში არ ექვემდებარება მკურნალობას და ვაქცინაციას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბოლო წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევები არ გამოვლენილა.

 

კომენტარები