ფოტოგრაფია

გიგო გაბაშვილის ფოტოალბომის პრეზენტაცია

10 აპრილს, 18:00 საათზე, დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიმართება გიგო გაბაშვილის ფოტოალბომის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს.
არტ-გამოცემა „გიგო გაბაშვილი“ პროექტის ფარგლებში აღმოჩენილ ფოტოებს და შემდეგ ამ ფოტოსურათების მიხედვით მოძიებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს.
პროექტს - „გიგო გაბაშვილი-ფოტოგრაფი“ პრეზენტაციის შემდეგ ბეჭდურ გამოცემაში პირველად ქვეყნდება გიგო გაბაშვლის 101 ფოტო, რომელმაც ჩვენამდე მინის ნეგატივების სახით მოაღწია.
მათი პირობითი დათარიღება ბიოგრაფიული ცნობებისა და გრაფიკული ნამუშევრების მიხედვით მოხდა, რომელიც 1893-1936 წლებს მოიცავს.
კატალოგისთვის თემატურად შეირჩა ის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელსაც გიგო გაბაშვილი, სავარაუდოდ ამ ფოტოებიდან ქმნიდა.
ალბომში გამოყენებული მხატვრის ფოტოები და ფერწერული ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
„გიგო გაბაშვილი-ფოტოგრაფი“- პროექტს საფუძველი ჩაეყარა გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ ჟურნალისტის მარიტა დამენიას და გაზეთის დამფუძნებლის თაკო ფხაკაძის ინიციატივით. ჟურნალისტმა იმ მინის ნეგატივების შესწავლა დაიწყო, რომელზეც მკვლევარ გიორგი სარაჯიშვილის ინფორმაციით, გიგო გაბაშვილის მიერ სამარყანდსა და ხევსურეთში გადაღებული თემები უნდა ყოფილიყო. არსებული ცნობებით საქართველოს ეროვნულ მუზემში 80 ფოტო ინახებოდა, მაგრამ პროექტზე მუშაობისას 680 აღმოჩნდა, რის საფუძველზეც საზოგადოებამ ფოტოგრაფი გიგო გაბაშვილი გაიცნო.

ფოტოალბომის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ცხადაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სარედაქციო ჯგუფის წევრები და მოწვეული სტუმრები.

 

კომენტარები