გიორგი ტუღუში

რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს უწყობს სისტემური პრობლემების აღმოფხვრას

მარტს, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2011 წლის ანგარიში წარუდგინა. 645-გვერდიან დოკუმენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ზოგადი ტენდენციები, ასევე მოქალაქეთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტებია ასახული. სწორედ ამ ტენდენციების, არსებული პრობლემებისა და სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ესაუბრა ომბუდსმენს ტაბულა.

როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით? ამჯერად ანგარიში კიდევ უფრო მოცულობითია, რაზე მიუთითებს ეს?

არ მინდა, ეს რამის გაუარესებას დავუკავშირო. 2011 წელს ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით რამდენიმე ახალი თემა შევისწავლეთ. პენიტენციარულ სისტემაში არსებული მდგომარეობის ანალიზს ანგარიშის თითქმის ნახევარი დავუთმეთ. ეს ნიშნავს, რომ სისტემა კარგად გამოვიკვლიეთ. თემების ნაწილი, რაც 2010 წლის განმავლობაში არც ისე დეტალურად იყო შესწავლილი, 2011 წელს გახდა პრიორიტეტული. მაგალითად, ზოგადად ჯანდაცვის უფლება და სავალდებულო ჯანდაცვა. დიდი ნაწილი დაეთმო ეკომიგრანტებს, რაც წინა ანგარიშში არ იყო, აგრეთვე, ბავშვთა უფლებებს.

ბევრი ქვეყნის ომბუდსმენი ისწრაფვის, რაც შეიძლება პატარა ანგარიში გამოსცეს, განსაკუთრებით ბოლო დროს, ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე. ალბათ საქართველოშიც დადგება დრო, როდესაც სახალხო დამცველი ანგარიშს თეზისების სახით გამოაქვეყნებს. დღეს საზოგადოების დაკვეთაა, თითოეულ საკითხზე დეტალური ანალიზი წარმოვადგინოთ.

თქვენს ანგარიშებზე რეაგირებას თუ ახდენენ შესაბამისი უწყებები, რამდენად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს?

არის მიმართულებები, სადაც წინსვლა აშკარაა და სფეროები, სადაც ვითარება არ შეცვლილა ან გაუარესდა. 2011 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მაგალითად, რეფორმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით – განრიდების და მედიაციის პროგრამა; პოზიტიური ცვლილებები იყო უმცირესობათა უფლებების რეალიზების კუთხით; ასევე სამოქალაქო კანონმდებლობაში, რომელმაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების საშუალება მისცა; გამოსაყოფია საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება – კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში, პირებს სარეზერვო სამსახურის ალტერნატიული სამხედრო სამსახურით ჩანაცვლების შესაძლებლობა მიეცათ. სიახლეებია პენიტენციარული სისტემის მიმართულებითაც. თუმცა, ბევრი პრობლემა ამ სისტემაში უცვლელი დარჩა და ჯერჯერობით ხელშესახები პროგრესის დანახვა რთულია.

ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ გადაიდგა რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი. ამოქმედდა მნიშვნელოვანი კანონები, რომლებმაც ძალადობისგან უნდა დაიცვას ქალები და ბავშვები. მაგრამ პრაქტიკაში რეალიზების შემთხვევაში არაერთი პრობლემა აღმოვაჩინეთ.

უცვლელია სურათი სასამართლოების კუთხით. ეს იყო პირველი წელი, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უშუალოდ სასამართლო პროცესებზე განახორციელეს მონიტორინგი. სამწუხაროა, რომ ახალგარემონტებულ სასამართლოებშიც არ არის დაცული სტანდარტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სასამართლომდე მიღწევას გაუადვილებს. შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სხვადასხვა სასამართლოების მიერ ადამიანთა უფლებების სტანდარტების დარღვევა კვლავ ხშირია.

ანგარიშში ძალიან დიდი ნაწილი დავუთმეთ ისეთ თემებს, როგორიცაა იძულებით გადაადგილებული პირები. აქ ბევრი პრობლემაა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე საყოფაცხოვრებო პირობების განხრით. პოზიტიური ნაწილია ის, რომ 2011 წელს ხელისუფლების რამდენიმე ორგანოს მხრიდან ომბუდსმენის ანგარიშის მიმართ ყურადღება გაიზარდა და ამაღლდა რეკომენდაციების შესრულების ხარისხიც. არაერთმა უწყებამ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.

კონკრეტულად რომელ რეკომენდაციებს გულისხმობთ?

თუნდაც პენიტენციარული სისტემის მიმართ. მოსაზრებები გაითვალისწინეს ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიის შემუშავების დროსაც. შესრულდა კონკრეტული რეკომენდაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, დაითხოვეს არაერთი თანამშრომელი, რომელთა დარღვევებზე გასულ ანგარიშში ვსაუბრობდით. ჩვენი რჩევები საფუძვლად დაედო ცვლილებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბავშვზე ზრუნვა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ამან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ყველა პრობლემა ვერ მოაგვარა, თუმცა ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს უწყობს სისტემური პრობლემების აღმოფხვრას.

ანგარიშის თითქმის ნახევარი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს ეხება. სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაჩვენებელი კვლავ მაღალია, პრობლემად რჩება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, რიგ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებითაც საუბრობთ. თქვენ ამ პრობლემებს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობთ. რა იცვლება ამ მიმართულებით, რამდენად ითვალისწინებენ თქვენს რეკომენდაციებს?

სისტემაში არასათანადო მოპყრობის საკითხის მოგვარებას სათანადო ნება და სურვილი სჭირდება. ეს არ არის პრობლემა, რომლის აღმოფხვრაც დაკავშირებულია ხარჯებთან და ბიუჯეტთან. მისი მოგვარება შეიძლება საკუთარი თანამშრომლების მკაცრი კონტროლით და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრით, რაც, პირველ რიგში, სათავიდან უნდა მოდიოდეს. საქართველომ პოლიციის სისტემაში მიაღწია აშკარა გარღვევას წამების აღმოფხვრის მხრივ და ეს სათანადო რეაგირების შედეგად განხორციელდა. უამისოდ წარმატებას ვერც სასჯელაღსრულების სისტემაში მიაღწევ.

რამდენად აქვთ თქვენთან კომუნიკაცია?

ბოლო წლებში კომუნიკაცია გაუმჯობესდა. თუმცა ამით ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრება. ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ პრობლემაზე, მაგრამ საბოლოო შედეგი არ დადგეს. არასათანადო მოპყრობას გამართლება არ აქვს – არც დისციპლინის გამყარების და არც რაიმე სხვა მიზნებისთვის. ბევრს ვმსჯელობთ განახლებულ ინფრასტრუქტურაზე, ახლადგახსნილ დაწესებულებებზე, გაუმჯობესებულ კვებაზე, პაემნებზე, არასრულწლოვნების მიმართ დანერგილ პოზიტიურ მიდგომებზე – თუმცა არასათანადო მოპყრობა რჩება პრობლემად, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი.

სისტემური პრობლემაა ჯანდაცვის კუთხითაც. განსაკუთრებით – ტუბერკულოზი. ამის აღმოსაფხვრელად მუშაობა კი მიმდინარეობს, მაგრამ დიდი დროა დაკარგული და ერთ ან ორ წელიწადში ეს ძნელად მოხერხდება. 2011 წელს დაახლოებით ათი ნიშნულით იკლო ტუბერკულოზით გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ, თუმცა ეს ძალიან შორს არის იმ სურათისგან, რომელიც საბოლოოდ სისტემამ უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანი პრობლემაა ვირუსული ჰეპატიტებიც. იმატა ამ მიზეზით გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ. რეალურად, დაავადებულთა რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებშია მოყვანილი. დღემდე არაა შემუშავებული ჰეპატიტთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა.

სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ანგარიშში მოყვანილია არაერთი ფაქტი, რომ ზოგიერთი გარდაცვლილი პატიმარი მძიმედ იყო ავად, რაც წესით საფუძვლად უნდა დაედოს სასჯელის გადავადებას, მაგრამ, ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, სასჯელს კვლავ დაწესებულების შიგნით იხდიდნენ.

ანგარიშში დასახელებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გვარები, რომლებსაც პატიმრები არასათანადო, უხეშ მოპყრობაში, გინებაში, ცემაში, უკანონო დასჯასა და სხვადასხვა მითითებების გაცემაში ადანაშაულებენ. მსგავს პრობლემებზე წინა ანგარიშშიც საუბრობთ, მაშინაც დაასახელეთ კონკრეტული ადამიანები, პროკურატურასაც აკრიტიკებთ იმაში, რომ გამოძიება ხშირად ჭიანურდება ან წყდება. ამ მხრივ თუ იცვლება რამე?

საქართველოში სამართალდამცავი ორგანოები გარკვეული მიმართულებებით ძალიან ეფექტურად მუშაობენ. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება მოკლე ვადებში წარიმართება და კრიმინალთან ბრძოლას კონკრეტული შედეგი აქვს. როდესაც სახეზეა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევა, საგამოძიებო სტრუქტურებისგან ძალიან ნეგატიურ დამოკიდებულებას ვაწყდებით. გარკვეულწილად, ხდება დაუსჯელობის წახალისება – ასეთი პირების პასუხისმგებლობის საკითხი იშვიათად დგება.

2011 წელს არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ფაქტზე სასამართლო ექსპერტიზა დროულად ჩატარდა, რაც წინა წელს არ მომხდარა. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც საგამოძიებო ორგანოები ფაქტებს დროულად არ იძიებენ. მაგალითად, 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ, ადმინისტრაციული წესით დასაჯეს რამდენიმე პოლიციელი, რაც წინგადადგმულ ნაბიჯად შევაფასე. თუმცა ეს იყო არაადეკვატური ზომა, ვინაიდან, ჩემი აზრით, სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი

რეკომენდაციები მთავარი პროკურატურის მიმართ ჯეროვნად იქნება აღქმული და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. ყველაზე პრობლემურ სფეროდ სისხლის სამართალწარმოებას გამოჰყოფთ. რა არის მთავარი პრობლემა?

სურათი გაცილებით უკეთესია სამოქალაქო საქმეების კუთხით. პროგრესია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაშიც – გარდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ნაწილისა. პრობლემები, რომელიც სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში დავინახეთ, იმის შედეგია, რომ: ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სასამართლო არ ითვალისწინებდა კანონის უკუძალას და არ ავრცელებდა შემამსუბუქებელ გარემოებებს სისხლის სამართლის საქმეზე. იყო შემთხვევები, როდესაც დაირღვა დაცვის უფლება, როცა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის კანონშეუსაბამო შუამდგომლობა. ასევე, ვნახეთ კონკრეტული ფაქტები, სადაც სასამართლომ შელახა პირის უფლებები, დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი და ადამიანის უფლებები, როდესაც შესაბამისად არ დაასაბუთა თავისი შუალედური თუ საბოლოო გადაწყვეტილებები.

ანგარიშში საკუთრების უფლების ხელყოფის შესახებაც საუბრობთ, რამდენიმე კონკრეტული საქმეც გაქვთ დასახელებული...

საკუთრება ანგარიშის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოყვანილია ფაქტები, როდესაც, ჩვენი აზრით, ირღვეოდა საკუთრებაზე უფლება, როგორც საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. როდესაც კანონმდებლობაში არ გაქვს ჩანაწერი, რომელიც საგამოძიებო ორგანოს ამის შესაძლებლობას უზღუდავს, ეს ადამიანის უფლებათა დარღვევის მიზეზი ხდება. მაგალითად, როდესაც საგამოძიებო ორგანო ხანგრძლივი პერიოდით ამოიღებს ნივთს, აყადაღებს და მოქალაქეს სარგებლობის საშუალება აღარ აქვს. ეს, შეიძლება არაპირდაპირ, მაგრამ საკუთრების უფლების დარღვევაა. აღნიშნული პრობლემა საქართველოში ისეთი სისტემური ხასიათის აღარაა, როგორც 2006-2008 წლებში, თუმცა ცალკეული ფაქტები გვხვდება და თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, საგრძნობლად გახშირდება.

რამდენიმე თვის წინ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნეთ, რომ მკაცრი რეჟიმის საპყრობილეშიც არ გექმნებათ ისეთი პრობლემები, როგორიც ბავშვთა სახლებში. ისაუბრეთ დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელოვნებასა და პრობლემებზე, რაც ამ თემას თან ახლავს. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

აპრილის ბოლოსთვის ეს ანგარიშიც საჯარო გახდება. მივაღწიეთ იმას, რომ მონიტორინგის განმავლობაში პრობლემა არ შეგვქმნია. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ბავშვთა სახლებსაც, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებობს – საუბარია საპატრიარქოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბავშვთა სახლზე. მსგავს დაწესებულებაში მონიტორინგის უფლებას სახალხო დამცველს კანონი პირდაპირ არ აძლევს. გავესაუბრეთ ბავშვებს, რომლებიც ადრე ამ სახლებში იმყოფებოდნენ. მათ სერიოზულ დარღვევებზე ისაუბრეს, ამიტომ ჩვენ ჯანდაცვის უწყებასა და საპატრიარქოს შორის გაფორმებულ მემორანდუმს შევისწავლით.

არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები აღმოვაჩინეთ კერძო საოჯახო ტიპის სახლებშიც. ამ მხრივ ბევრი ჩვენი რეკომენდაცია შესრულდა, თუმცა რეინტეგრაციის პროცესში მრავალი პრობლემა შეგვხვდა: ბავშვები მიაბრუნეს ისეთ სახლებში, რომლებიც მათ განვითარების ღირსეულ პირობებს ვერ უქმნიან. ხშირად ირღვევა ბავშვის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მომსახურებაზე, განათლებაზე, ნორმალურ კვებაზე. მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ყურადღება მიაქციოს რეფორმებს, რომლებმაც ბავშვზე ზრუნვის ნორმალური სისტემის აგებას უნდა შეუქმნას საფუძველი.

მიუხედავად უამრავი ხარვეზისა, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელება აუცილებელია. საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა დარჩეს ეგრეთ წოდებულ დიდ საბჭოთა ტიპის ბავშვთა სახლში, სადაც ძალიან რთული იყო მათთვის იმ ოჯახური გარემოს შექმნა, რომელიც ნორმალური განვითარებისთვისაა საჭირო.

ანგარიშის თანახმად, მკვეთრად შემცირდა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი კანონდარღვევები. რამ განაპირობა ეს?

მიზეზი სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებაა. რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის რამდენიმე პირის დასჯამ, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ის, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, მსგავსი დანაშაულები მკვეთრად შემცირდა. დღემდე გამოუძიებელი რჩება 40-მდე ფაქტი. თუმცა, 2010 წელს დაიწყო კლების ტენდენცია და 2011-ში ჩემთვის ამ კუთხით მხოლოდ რამდენიმე ფაქტი იყო საყურადღებო. ეს მიუთითებს, რომ სიტუაცია ამ მხრივ გამოსწორდა.

სექსუალური უმცირესობების შესახებ ინფორმაცია არც ამ ანგარიშშია, რა არის მიზეზი?

სახალხო დამცველი რეაგირებს უფლებადარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. 2010-11 წლებში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს სახალხო დამცველისთვის არ მოუმართავთ. ყველანი ვთანხმდებით, რომ გარემო, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ, მათ მიმართ საკმაოდ აგრესიულია. მედიაში ხშირია ჰომოფობიური სტატიები და ისინი სახალხო დამცველის მხრიდან უყურადღებოდ არ რჩება. თუ სექსუალური უმცირესობები მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან კონკრეტულ დარღვევებზე, ჩვენ გვექნება საშუალება, ანგარიშში თუნდაც ცალკე თავში ვისაუბროთ ამაზე.

სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის ჩადენა რასობრივი, ენობრივი, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, დამამძიმებელი გარემოება გახდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის. რამდენად დგას ამ ცვლილების შეტანის აუცილებლობის საკითხი?

ცოტა დაგვიანებულიც კი არის. ევროპის კომისიამ ეს რეკომენდაცია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაუწია საქართველოს. ჩემი ინფორმაციით, ჩამონათვალს სექსუალური ორიენტაციაც ემატება. სახალხო დამცველის აპარატს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ ეს ცვლილება პროექტში ამ სახით არის წარმოდგენილი.

14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა თვითმმართველობის წარმომადგენლები ფიზიკურ ძალადობასა და ზეწოლაში დაადანაშაულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინციდენტში მონაწილე თვითმმართველობის წევრების მიმართ, მათი „ასაკის” გათვალისწინებით, მხოლოდ „გაფრთხილებით” შემოიფარგლა. მოგმართეს თუ არა თქვენ დაზარალებულმა სტუდენტებმა? ადრე თუ მოუმართავთ მსგავსი პრობლემებით?

არ მოუმართავთ, მაგრამ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა. ასე ვთქვათ, კონფიდენციალურად დატოვეს ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ შევეცადეთ მათთან დაკავშირებას, თუმცა ამან რეალური შედეგი არ გამოიღო. მიჭირს შევაფასო, რამდენად ადეკვატური იყო სამართალდამცავი ორგანოების ქმედება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ასაკი არაფერ შუაშია. თუ სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი, პოლიციას შესაბამისი ზომები უნდა მიეღო. მე გაცილებით მეტი ინფორმაცია მჭირდება, რომ შევაფასო, თუ რა ტიპის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

კომენტარები