დღგ

სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიმწოდებლები დღგ-სგან გათავისუფლდნენ

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, მომხმარებელი მალე გაიაფებულ პროდუქციას მიიღებს. მთავრობის ინიციატივით, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყოველი მიწოდება. 2012 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსით, დღგ-სგან გათავისუფლებული იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მხოლოდ პირველადი მიწოდება.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიზანი საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა და იმპორტირებულ საქონელთან მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.

მაღაზიები საგადასახადო წნეხისგან გათავისუფლდნენ. აქამდე, სუპერმარკეტები სოფლის მეურნეობის საქართველოში წარმოებულ პროდუქტს გლეხებისგან ნაკლებად იბარებდნენ და შემდეგ მეტ ფასად ხდებოდა რეალიზაცია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განმარტებით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. გადასახადის შემცირების შემდეგ გამოთავისუფლებული ფინანსური სახსრებით მეწარმეებმა შესაძლებელია ან წარმოება გააფართოვონ, ან ნაკლებ ფასად მიაწოდონ მომხმარებელს.

მთავრობის ამ ახალ ინიციატივას ადგილობრივი მეწარმეები და ექსპერტები დადებითად აფასებენ, თუმცა, ფასების შემცირების კუთხით განსაკუთრებულად დიდი მოლოდინი არ აქვთ.

18%-იანი გადასახადის გადახდის ვალდებულება ჯერ კიდევ რჩება სოფლის მეურნეობის გადამუშავებული პროდუქციის მიწოდებაზე.

 

კომენტარები