გლობალური ეკონომიკა

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივა და საქართველო

საერთაშორისო ორგანიზაციების (საერთაშორისო სავალუტო ფონდის – IMF და მსოფლიო ბანკის – World Bank) გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების უახლესი კვლევების მიხედვით, 2011 წლის მეოთხე კვარტალი ბევრი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ამ პერიოდში ევროზონის კრიზისი სიმწიფის ფაზაში შევიდა. ყველაზე მეტად ცენტრალური ევროპისა და აზიის რეგიონი დაზარალდა, რადგან ამ ქვეყნების უმეტესობას ევროზონასთან მჭიდრო კავშირი აქვთ. მესამე-მეოთხე კვარტლებში გლობალური მშპ-ის წლიური მაჩვენებელი საშუალოდ 3.5% იყო.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში იმავე მაჩვენებელმა 8.8% შეადგინა. მშპ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4%-ით გაიზარდა. მატების უდიდესი წილი – 23.2% – მშენებლობის, ხოლო ყველაზე მცირე – 1.3% – ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორებზე მოდის. ეს მოქალაქეების ჯიბეზეც აისახა: წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ერთ სულზე მშპ-ის მაჩვენებელი 14.5%-ით გაიზარდა.

IMF-ის შეფასებით, მთელი 2011 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით (რომელიც რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება), განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში მშპ-ის ზრდა 6%-ს მიაღწევს. ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მთავარი შემაფერხებელი რისკი მაღალი ინფლაციაა. ის, ერთი მხრივ, ხელს შეუშლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და მეორე მხრივ, ერთ სულზე მშპ-ის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2010 წელთან შედარებით 15.9%-ით გაიზარდა და 5400 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2005-2011 წლების განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2011 წელს, წინა წელთან შედარებით, მშპ 16.8%-ით 24.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.World CIA Factbook-ის შეფასებით, 2010 წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის მიხედვით, მსოფლიოში 45-ე, ხოლო ევროპაში მე-3 ადგილზე იყო.

2004-2011 წლებში საქართველოს მშპ ყოველწლიურად საშუალოდ 6%-ით იმატებდა. სარეიტინგო სააგენტოს – Standard&Poor's – პროგნოზით, 2012-2014 წლებში, საქართველოს მშპ წლიური ზრდის ამავე ტემპს შეინარჩუნებს.

2011 წელი იმითიც იყო საინტერესო, რომ სამწლიანი კლების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სექტორი პირველად გაიზარდა. ტურისტულ მომსახურებაზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ კი სასტუმროების, რესტორნებისა და სატრანსპორტო მომსახურების სფეროების გააქტიურება გამოიწვია. ამ წლის განმავლობაში ეკონომიკური სექტორებიდან ყველაზე მეტად – 24.3%-ით –საფინანსო საქმიანობის, ხოლო ყველაზე ნაკლებად – 1.3%-ით – ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორები გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, 2012-13 წლებში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით უნდა გაიზარდოს. ეს ძირითადად აზიის მზარდი ქვეყნების ხარჯზე მოხდება. გლობალური რისკებისადმი ყველაზე ღია ისევ ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონი დარჩება. მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური პროგრესისთვის მომდევნო წლების განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ექნება ექსპორტს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და კრედიტზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

კომენტარები