2012 წლის 3 აპრილს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოია. საქართველოს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი სრულდება. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. ამასთან, ისაუბრეს საქართველოს სწრაფვაზე ევროპულ სტრუქტურაში გაწევრიანებისკენ, რასაც ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.
ერკი ტუომიოიამ შეხვედრების გამართა საქართველოს პარლამენტში. ფინეთის დელეგაცია შეხვდა კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” გაერთიანებული ძალების წარმომადგენლებსაც.
”ევროპელ სტუმრებს მოვუყევით მდგომარეობა როგორი გვაქვს, როგორ ვემზადებით არჩევნებისთვის, ჩვენს თხოვნაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დამკვირვებლების ჩამოსვლა რეაქცია იყო პოზიტიური. მე მგონი ჩვენ მოვახერხებთ რამდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე და არა უშუალოდ არჩვენების წინ მივიღოთ დამკვირვებლები ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.”- უთხრა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ფინეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.




