ბირმა

გრძელი გზა დემოკრატიისაკენ

პირველ აპრილს მიანმაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მასში, ოცწლიანი შინაპატიმრობის შემდეგ, ნობელის პრემიის ლაურეატი, ქვეყნის სახალხო გმირი, აუნ სან სუ ჩჟი მიიღებს მონაწილეობას. ჩჟის საკუთარი პარტიის – ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის – მხარდასაჭერად, ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, წელს პირველად მიეცა შესაძლებლობა სახელმწიფო მედიით გამოსულიყო.

ბოლო წლებში პრეზიდენტმა ტეინ სეინმა არაერთი დემოკრატიული რეფორმა გაატარა, ასობით პოლიტიკური პატიმარი გაანთავისუფლა, მედიის ცენზურა შეამსუბუქა და დისიდენტ სუ ჩჟის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების ნება დართო.

ანალიტიკოსების თქმით, ბირმის სამხედრო მმართველები ითვალისწინებენ სუ ჩჟის გავლენას საერთაშორისო საზოგადოებაზე და მისი გააქტიურების საშუალებით, დასავლეთის მიერ ბოლო 22 წლის მანძილზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.

ქვეყნის საკანონმდებლო პროცესებში სუ ჩჟის და მისი პარტიის მონაწილეობა კი სამხედრო მთავრობის იმიჯის გაუმჯობესებასა და ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.

ბრიტანეთში სუ ჩჟი ოჯახთან ერთად 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის, კუნძულიდან მომაკვდავი დედის მოსანახულებლად, ბირმაში 1988 წელს დაბრუნდა. ამ დროს, ქვეყანაში სამხედრო ხუნტა დემოკრატიულ მოძრაობას ებრძოდა. ათასობით სტუდენტი, მუშა და ბერი ქუჩაში გამოსვლებით, დიქტატორის, გენერალ ნე უინის მმართველობას აპროტესტებდა და დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვდა. ხალხს რეჟიმთან საბრძოლველად ლიდერი სჭირდებოდა.

ბირმის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის, ქვეყნის ეროვნული გმირის, გენ აუნ სანის შვილს, სუ ჩჟის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა საზოგადოებაში და ოპოზიციურად განწყობილი ბირმელების ლიდერობა შესთავაზეს.

1990 წელს გამართულ არჩევნებში აუნ სან სუ ჩჟი დემოკრატიისთვის მებრძოლ ეროვნულ ლიგას ხელმძღვანელობდა, სადაც 59%-იანი გამარჯვება მოიპოვა.

თანამედროვე ბირმის ისტორიაში 1990 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე დემოკრატიულად აღიარეს. 26-წლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ, ბირმელებს მიეცათ შესაძლებლობა, არჩევანი დამოუკიდებლად გაეკეთებინათ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ეს იყო ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. თუმცა სამხედრო ხუნტამ არჩევნების შედეგები არ აღიარა, სუ ჩჟის გუნდისთვის ძალაუფლების გადაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო მეამბოხე ბირმელების ლიდერს შინაპატიმრობა მიუსაჯა.

აუნ სან სუ ჩჟის პატიმრობაში ყოფნის დროს ნობელის პრემია და 1.3 მილიონი აშშ დოლარი გადასცეს, რაც მან ბირმელების ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებისთვის გაიღო.

ჩჟის, ბირმის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის ბრძოლაში, უდიდესი მსხვერპლის გაღება მოუწია.

22-წლიანი შინაპატიმრობის განმავლობაში, მისი შვილები ინგლისში იზრდებოდნენ, ხოლო მეუღლე, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი, მაიკლ არისი 1999 წელს ისე გარდაიცვალა, რომ მასთან გამომშვიდობების უფლებაც არ მისცეს.

ჩჟის ლიკვიდაცია სამხედრო ხუნტამ არაერთხელ სცადა. 1989 წელს, სამხედროებს მისი მოკვლა ჰქონდათ ნაბრძანები. 2003 წელს სასწაულებრივად გადაურჩა მკვლელობის კიდევ ერთ მცდელობას. თუმცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი არასდროს დაუტოვებია.

ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს ხშირად ადარებენ ნელსონ მანდელას, მარტინ ლუთერ კინგს და მაჰათმა განდის. მათ მსგავსად, სუ ჩჟი მთელ მსოფლიოში, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მშვიდობიანი გზებით მებრძოლის სიმბოლოდ იქცა.

კომენტარები