რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

საქართველოს შსს-ს წარმომადგენელმა ლუკაშევიჩის პრეტენზიას უპასუხა

რუსეთის მოქალაქე კონსტანტინ როდიონოვი ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევისთვის თებერვალში დააკავეს, გაიმართა სასამართლო და ჯარიმის ( 2000 ლარი) გადახდის შემდეგ ის თებერვალშივე გაათავისუფლეს -ამის შესახებ ”ნოვოსტი გრუზიას” შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა განუმარტა. ” ეს ძველი და დასრულებული ამბავია, ამდენად გაუგებარია, რატომ გაამახვილეს დღეს მასზე ყურადღება.”- თქვა მან.

საქართველოში რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე კი ყურადღება ახლახან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ”რუსეთი არკვევს ვითარებას საქართველოში, რუსეთის მოქალაქის, კონსტანტინ როდიონოვის დაკავებასთან დაკავშირებით.” ლუკაშევიჩის სიტყვებით,  როდიონოვი იმყოფება თბილისის საგამოძიებო იზოლატორში და მას ემუქრება მსხვილი ჯარიმის გადახდა ან 2-იდან 4 წლამდე პატიმრობა. ” ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოში არ არსებობს უსაფრთხოების არავითარი გარანტიები რუსეთის მოქალაქეებისთვის.”- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მას შემდეგ რაც საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, რუსეთის საგარეო უწყებაში სწორედ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს, თუკი საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შესაბამისი სამართლებრივი ბაზით გაამყარებს. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამ კანონის თანახმად კი სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება საქართველოში შესული ნებისმიერი რუსეთის მოქალაქე, რომელიც მანამდე რუსეთის ტერიტორიიდან იყო გადასული აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში. თბილისში საპასუხოდ აღნიშნეს, რომ ვიდრე საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია,  კანონის გადახედვას არ აპირებენ. 

 

კომენტარები