კოალიცია „ქართული ოცნება“ ვრცელ განცხადებას ავრცელებს თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული ძეგლების გადარჩენისთვის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრები საზოგადოებას ამ საკითებზე მსჯელობისას თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, მათ მიაჩნიათ, რომ „საჯარო დებატებში ჩაბმული პირები ხშირად ექცევიან ემოციების ტყვეობაში და, ნებით თუ უნებლიეთ, საზოგადოების სხვადასხვა ფენაში დაძაბულობის გაღვივებას უწყობენ ხელს.“
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ თურქეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინტერესია, თუმცა, არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა თაობაზე ქვეყნებს განსხვავებული ხედვები და ამოცანები შეიძლება აღმოაჩნდეს, ”ამ ვითარებაში კი მეგობარი ქვეყნები ვალდებული არიან, მაქსიმალურად გაითვალისწინონერთმანეთის ინტერესები და ეძებონ ურთიერთმისაღები კომპრომისები.”
”ქართული ოცნებაში” აღნიშნავენ, რომ თურქეთთან შეთანხმების გაფორმება ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების დაცვის თაობაზე აუცილებელია, თუმცა ამავე დროს, კოალიცია მიუღებლად მიიჩნევს „ისტორიულად არსებული და დროთაგანმავლობაში განადგურებული ძეგლების ადგილას მსგავსი შენობების ხელახლა აშენებას“ (ანუ აზიზიეს მეჩეთის აღდგენას ბათუმში),„რადგან ეს იძენს უფრო პოლიტიკურ, ვიდრე კულტურულ დატვირთვას“.
სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საგანი არ უნდა იყოს რელიგიური საკითხები, მათ შორის რელიგიურ-საკულტო დაწესებულებათა შექმნა ან გაუქმება,-ნათქვამია განცხადებაში, ამასთანავე, კოალიცია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებად ასახელებს პოლიტიკურ დისკუსიებს იმის თაობაზე, „თუ სად და რამდენი რელიგიურ-საკულტო დაწესებულება არის საკმარისი თუ არასაკმარისი“ და აცხადებს, რომ რომ „არ იქნებოდა ურიგო, თუ ბათუმში, ქრისტიანული და მუსლიმური კულტურების ურთიერთშეხების ამ ისტორიულ ქალაქში, აშენდებოდა კულტურათა ურთიერთობის მუზეუმი ან საგანმანათლებლო ცენტრი“.
ივანიშვილის კოალიციის განცხადებაში გამოთქმულია აზრი, რომ საქართველოს მთავრობამ შეთანხმებაზე ხელმოწერამდე აუცილებლად უნდა ამცნოს საზოგადოებას შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე ფართო კონსენსუსის მიღწევას. თუმცა, თუ ეს არ მოხდა, ქართული ოცნების განცხადებით, ამან „არ უნდა მიგვიყვანოს რელიგიური ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საკითხებზე ისეთ პოლიტიკურ განცხადებებსა და ქმედებებამდე, რომლებიც ვერ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ახალ პრობლემებს გაგვიჩენს“.
კოალიცია აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში „უნდა გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში“ და ახალი მთავრობა შექმნას, რომელიც ყველა საკითხს მოაგვარებს „ქვეყნის ინტერესების, საერთაშორისო სამართლის, თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის პრინციპების,მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დადებული კონსტიტუციური შეთანხმებისსრული დაცვით“




