”ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციური მოძრაობის შექმნით გამოწვევას უგზავნის პრეზიდენტ სააკაშვილს. ახლახან ბევრი მისი მხარდამჭერი დაკითხეს, ”- აღნიშნავს SPIEGEL ONLINE -ი და აქვეყნებს ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან. გამოცემა ინტერვიუს შესავალში მიუთითებს, რომ ივანიშვილი დასავლეთს სთხოვს უარი თქვას სააკაშვილის მხარდაჭერაზე, რადგან მიიჩნევს, რომ მას ” საქართველო დიქტატურისკენ მიჰყავს.”
SPIEGEL ONLINE ივანიშვილს ”ვარდების რევოლუციის” დამფინანსებლად წარმოაჩენს და აღნიშნავს, რომ ეს მილიარდერი შემოდგომით სააკაშვილის ”ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებას იმედოვნებს. ”ჩემი ფილოსოფია ასეთია, მირჩევნია საზოგადოების ყურადღების მიღმა ვიყო, თავისუფლება მიყვარს, მაგრამ ბოლო წლებში უფრო და უფრო სერიოზული ზეწოლის ქვეშ ვექცეოდი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა: ან უნდა დამეტოვებინა ქვეყანა, სადაც ჩემი ყოფნა სულ უფრო სახიფათო ხდებოდა, ან შეტევაზე უნდა გადავსულიყავი”.- აღნიშნავს ქართველი მილიარდერი ინტერვიუს დასაწყისში. შემდეგ ის განმარტავს რატომ არ დაუჭირა მხარი რომელიმე უკვე არსებულ ოპოზიციურ პარტიას და რატომ გადაწყვიტა საკუთარი პარტიის შექმნა, მით უფრო კაცმა, რომელსაც” ყურადღების ცენტრში ყოფნა არ ხიბლავს”. აქ ივანიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა საქართველოში პარტიები ერთმანეთის მიყოლებით იყიდა და რამდენიმე წესიერმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც დაკარგა მოქალაქეების ნდობა. ” მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში. მაქვს ფული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი ხალხის ნდობაა.” - აცხადებს ივანიშვილი და შეკითხვას - რას გეგმავთ პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში ? -პასუხობს : ”ევროპა ჩემთვის მისაბაძი მაგალითი, მიზანი და ბედისწერაა. გვინდა მისი ნაწილი გავხდეთ. ჩვენ სწრაფად მოვარგებთ ჩვენს ინსტიტუტებს ევროპულ მოდელს, გავათავისუფლებთ სასამართლოს და შევქმნით თავისუფალ მედიას, წელიწადნახევარში ან 2 წელში მე პოლიტიკიდან წავალ და სამოქალაქო საზოგადოებასთან ვიმუშავებ, დავეხმარები მას იმ მთავრობის შეკავებაში, რომელსაც მე დავტოვებ.”
ინტერვიუში ივანიშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი დასავლელ პარტნიორებს ”თვალში ნაცარს აყრის”, როცა ირწმუნება, რომ დემოკრატიას აშენებს, თავად კი ამტკიცებს, რომ არანაირი ვალდებულებები არა გააჩნია რუსეთის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში მილიარდები იშოვა. ” მე ვარ ვალდებული ჩემი ქვეყნის წინაშე. ჩემი რესურსების 99 პროცენტს საქართველოში ვხარჯავ. მე განვაახლე აქ ყველა თეატრი და მუზეუმი, ავაშენე გზები და სკოლები. რუსი ჯაშუშები ასე რომ იქცეოდნენ, ჩემი ქვეყნის წარმატება ასეთი ჯაშუშების სიმრავლეზე იქნებოდა დამოკიდებული. ”-აცხადებს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ხსენებულ ინტერვიუში მან უპასუხა შეკითხვას - მარტის შუა რიცხვებში რატომ არ მიიღო თბილისში ვიზიტად მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიწვევა და რატომ არ მივიდა მასთან შეხვედრაზე? და აღნიშნა, რომ ”შეურაცხყოფად ” მიიღო მიპატიჟება შეხვედრაზე, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ”სააკაშვილის ჯიბის ოპოზიციის წარმომადგენლებს” ხვდებოდა.




