Eurasianet-ის მიერ გამოქვეყნენული სტატიის ავტორი ჯოშუა კუცერა ირწმუნება, რომ აშშ-ის დემოკრატმა კონგრესმენმა ჯიმ მაკდერმოტმა შეიმუშავა კანონპროექი ”საქართველოს დემოკრატის აქტი 2012,” რომლითაც აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს საქართველოს შეუწყვიტოს ყოველგვარი დახმარება იმ შემთხვევაში, თუ 2012 წლის არჩევნებს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში არ ჩაატარებს. სტატიის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონპროექტში 13-ჯერ არის ნახსენები მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, მაშინ როცა სხვა ქართველი პოლიტიკოსების სახელი და გვარები აღნიშნული არ არის, გარდა სააკაშვილისა. კუცერას მტკიცებით, კანონპროექტში სააკაშვილის ხელისუფლება რამდენჯერმე ”რეჟიმად” არის ნახსენები.
ივანიშვილი ლობისტურ კომპანიას ყოველთვიურად ათობით ათასს დოლარს უხდის და როგორც ჩანს შედეგიანად – აღნიშნავს ჯოშუა კუცერა. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ხსენებული კანონპროექტი ვაშინგტონში ივანიშვილის ლობისტური კომპანიის დახმარებით შემუშავდა. კუცერა შენიშნავს, რომ ჯიმ მაკდერმოტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დეტალურად განიხილავს ივანიშვილისთვის ”საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის და მასზე ზეწოლის ფაქტებს” . “როგორც ჩანს, ივანიშვილი აპირებს საკუთარი ლობისტური კომპანიის მეშვეობით ძლიერი კონკურენცია გაუწიოს ვაშინგტონში მოღვაწე საქართველოს მთავრობის ლობს.” -დაასკვნის Eurasianet-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.




