კოალიცია ”ქართული ოცნება” სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის( NDI ) კვლევას პოლიტიკური გაერთიანებებისა და პოლიტიკური ლიდერების რეიტინგებთან დაკავშირებით.
”სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის, კერძოდ, სოციოლოგიური კვლევების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება, არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონტრპროდუქტიული გახდა კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეების მიერ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის. ერთი მხრივ, აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით ამ შედეგებით მანიპულირებამ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა. NDI-ს უკანასკნელმა კვლევებმა ეს პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და მისი ანალიზი და კომენტირება ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ხოლო კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენს კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალები უახლოეს პერიოდში წერილობით მივმართავთ აშშ-ს მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს, სადაც ავსახავთ ჩვენს წიანადადებებს საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე.”- ნათქვამია კოალიცია ”ქართული ოცნების” განცხადებაში.
NDI-ს კვლევის შედეგებს პოლიტიკურ პარტიებს დახურულ ფორმატში გაეცნენ, თუმცა საინფორმაციო საშუალებებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია პარტიებისთვის მიწოდებული შედეგების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო ”პირველის” ცნობით , NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ის ნაწილი , რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს შემდეგ არჩევანს გააკეთებდა:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" - 47% დაუჭერდა მხარს , მეორე არჩევანი - 2%;
"კოალიცია ქართული ოცნებას" - 10%;,მეორე არჩევანი - 3%;
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობას" - 3%, მეორე არჩევანი - 8%;




