თბილისში აცხადებენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში -აფხაზეთში- ქართული კვალის წასაშლელად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, რომ აღნიშნულის გამო საქართველოს მხარე აქტიურად მუშაობს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობაც მიმართულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენისკენ. კალანდაძის თქმით, საქართველოს დელეგაცია 28-29 მარტს, ჟენევის დისკუსიაზე, მკაცრად დასვამს აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის და მათ დასაცავად საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურების საკითხს.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა დე ფაქტო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ აგუმავეს დაავალა დათქვას ვადები ბედიის და სხვა ეკლესია-მონასტრების სარესტავრაციოდ. ანქვაბის გადაწყვეტილებით ,სარესტავრაციო სამუშაოები შპს «Украинские самоцветы”-ის წარმომადგენლებმა აგუმაევის ზედამხედველობით უნდა ჩაატარონ.




