გამოფენა

იმიტომ, რომ ისევ გჯეროდეს

მერაბ აბრამიშვილი რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე. დარბაზში გამოფენილ ჯგუფურ ნამუშევრებს შორის მისი “ფრესკები” თავიდანვე გამოვარჩიე – გულწრფელობის და საოცარი სიმშვიდის გამო. უცნაური შეგრძნება იყო, ჯერ მეგონა ბნელ გამოქვაბულში ვიდექი და სანთლით ხელში პირველყოფილი სილამაზის ფრესკებს ვათვალიერებდი. მერე კი ძველ ფარდაგებად მომეჩვენა, რომელთაც კარგად უნდა დააკვირდე, რადგან დროისგან გაცრეცილებს, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერიათ და შეიძლება სულ მალე წაიშალონ.

მერაბ აბრამიშვილზე ბევრი არაფერი ვიცი და არც პირადად ვიცნობდი. ბავშვობაში ვეფხვების მომთვინიერებელი უნდოდა გამოსულიყო, უყვარდა ჯეიმს კორბეტის “მონადირის ისტორიები” და სკოლაში, საუზმის ფულს აგროვებდა – აფრიკაში უნდა წავიდე, იქ სამოთხეაო; პატარა ზურგჩანთაც კი ჰქონია ნაყიდი. მართალია, ვერც აფრიკაში წავიდა და არც ვეფხვების მომთვინიერებელი გამოვიდა, მაგრამ სამოთხეშიც ბევრჯერ იყო და აფრიკის გაუვალ ტყეებში, ულამაზეს ავაზებთან და პანტერებთან ერთადაც უსეირნია. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სახელოსნოში ხატვას იწყებდა და ლევკასის ტექნიკით ახალ ჯადოსნურ სამყაროებს ქმნიდა – აიღებდა ფანერას, ზედ ხის წებოთი დააწებებდა მარლას და დაგრუნტავდა. შემდეგ ტემპერას საღებავებით იწყებდა პირველი შტრიხების დატანას. ცოტა ხანში ამ ყველაფერს კარგად ჩამორეცხავდა და შემორჩენილი ლაქების თუ განასმების გამოყენებით, თავიდან იწყებდა ხატვას.

სამხატვრო აკადემია დაამთავრა – დაზგური გრაფიკა, მუშაობდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში ხატვის მასწავლებლად, სიცოცხლეში სულ ხუთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა და 1991 წელს, მხატვრის სახლში გაჩენილი ხანძრის დროს, მისი 16 ნამუშევარი დაიწვა, რაზეც ყოველთვის ამბობდა – 16 შვილი მომიკვდაო. ხატვა ატენის ფრესკების ასლების კეთებით დაიწყო და ალბათ ამიტომაც იყო, რომ მის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეკავა რელიგიურ თემატიკას, ფრესკის ესთეტიკას.

არ ჰქონდა მნიშვნელობა რაზე იყო ტილო, იყო ეს “ჯვარცმა”, “კუმაონის კაციჭამია” თუ ქოთანში აღმოცენებული “ასკილი”, მისი ყველა ნამუშევარი საოცარი სიმსუბუქით და სილაღით გამოირჩევა. სადაც არაფერი გთრგუნავს, არაფერი გაშინებს, სადაც ყველაფერი უკიდეგანოდ ლამაზია. გასუსულია. მარადიულია.

მათ ჯერ შორიდან, კარგად უნდა დააკვირდე და შემდეგ ახლოს მიხვიდე, აუცილებლად ძალიან ახლოს. აი, სწორედ ასე, ნახატზე ცხვირმიდებული, აღმოაჩენ უსიერი ტყის თითოეულ ფოთოლს, ლეოპარდის ტანზე დატანილ თითოეულ ლაქას. სწორედ ამიტომაა, რომ აბრამიშვილის გვიმრების შემყურეს, გგონია – ახლა მოწყვეტ, სურვილს ჩაიფიქრებ და პატარა ფოთლებსაც სათითაოდ დააცლი; გგონია, რომ თუ დიდი ხანი უყურებ თვალებში მის ულამაზეს შავ ავაზას, ისიც არ დააყოვნებს და თავისი გრაციოზული ნახტომით უცებ აღმოჩნდება შენ წინ.

ხშირად ხატავდა “სამოთხეს”, მასთან “დატირება”, “აპოკალიფსი” და „ჯვარცმაც” კი საოცრად მშვიდია. მისი ნახატების შემყურეს, ზოგჯერ ისიც კი შეიძლება გეგონოს, რომ ადამიანი აქ არაფერ შუაშია და ისინი თავისით, ბუნებრივად “ამოვიდნენ” ტილოზე.

უყვარდა აღმოსავლური მინიატურები – არაერთი ტილო მიუძღვნა – „აბრეშუმის გზა”, “შაჰ-აბასი”; მცენარეები, რომელთაც ყოველთვის ფესვებით ხატავდა – “ასკილი”, “ჭორიკანა”, “მაყვალი” და, რა თქმა უნდა, ცხოველები: “კუმაონის კაციჭამია”, “რუდრაპრაიაგის ავაზა”, “ჟირაფი”, “ლომი”, “ირმები”... ისინი თითქოს საიდანღაც მოდიან – მითებიდან, აფრიკიდან, სამოთხიდან, საბავშვო წიგნებიდან... მერაბ აბრამიშვილი თითქოს მთელი თავისი არსებობის მანძილზე ალტერნატივას ქმნიდა, რეალობის ალტერნატივას. ჯადოსნურ სამყაროს. თავის სამოთხეს.

16 მარტს ახალ გალერეაში მერაბ აბრამიშვილის 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, რომელიც 5 აპრილამდე გაგრძელდება. არა აქვს მნიშვნელობა, რა მიმდინარეობა გირჩევნიათ მხატვრობაში და საერთოდ, მოგწონთ თუ არა კედელზე ჩამოკიდებული ნახატების თვალიერება. ეს სულ სხვაა. ეს ზღაპარია, პატარა ჯადოქრობებია, სადაც აუცილებლად უნდა იმოგზაურო შენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუნდაც იმიტომ, რომ ცოტა ხნით მაინც უფრო კეთილი გახდე. თუნდაც იმიტომ, რომ ისევ გჯეროდეს.

 

 

 

 

კომენტარები