”რესპუბლიკური პარტიიდან” გარიცხული მურმან დუმბაძე ”ქართულ ოცნებაში” წევრიანდება. ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რომ ორგანიზაცია ”ემსახურე საქართველოს” წარმომადგენელ მურმან დუმბაძეს ბიძინა ივანიშვილი შაბათს შეხვდა და მას ბათუმში ”ქართული ოცნების” სტრუქტურის ჩამოყალიბება დაავალა. ფანჯიკიძის თქმით, ამ ”საინტერესო და ძალიან კარგ” შეხვედრას სოზარ სუბარიც ესწრებოდა, მანამდე კი შედგა შეხვედრა დუმბაძესა და მის ყოფილ პარტიულ ლიდერ დავით უსუფაშვილს შორის. ”ჩვენი თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა. ჩვენ ყველანაირად გამოვიყენებთ მის გამოცდილებას, სახელს, კონტაქტებს და ადგილს, რომელიც მურმან დუმბაძეს აჭარის საზოგადოებაში უკავია იმისთვის, რომ ჩვენი კოალიცია ამ რეგიონშიც წარმატებული იყოს. ეს თანამშრომლობა შეეხება საარჩევნო პროცესსაც და მასთან კონსულტაციებით გადაწყდება ბევრი საკითხი, რომელიც აჭარაში "ქართული ოცნების" დამკვიდრებასთანაა დაკავშირებული," - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მურმან დუმბაძე ”რესპუბლიკურმა პარტიამ” თავისი რიგებიდან ერთი წლის წინ, პარტიული წესდების რამდენიმე მუხლის დარღვევის საფუძველზე გარიცხა. რესპუბლიკურმა პარტიამ მაშინ განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის გარიცხვა პარტიის ოფიციალურ კურსთან მის შეუსაბამო პოზიციას უკავშირდებოდა. საქმე ეხებოდა უთანხმოებას თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტიაციის თაობაზე საქართველოსა და თურქეთს შორის შესაძლო შეთანხმებაზე. დუმბაძე ეწინააღმდეგებოდა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის შესაძლო ხელახლა აშენებას. ამის გასაპროტესტებლად ის ბათუმში, 2011 წლის 23 მარტს დაგეგმილი აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი გახდა. რესპუბლიკელებმა დუმბაძე გააფრთხილეს, რომ დაუშვებლად მიიჩნევდნენ პარტიის მონაწილეობას ამგვარ აქციაში, მაგრამ მან თავისი გეგმები არ შეცვალა. დღეს მურმან დუმბაძე აცხადებს: " ივანიშვილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფოებმა ნაკლებად უნდა იზრუნონ ერთმანეთის ტერიტორიაზე, რელიგიური ობიექტების მშენებლობაზე, რომ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა სრულიად შესაძლებელია.”




