პარტიების დაფინანსება

შეთანხმება საკანონდებლო ცვლილებებზე

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონში ცვლილებები შევა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანია მოხსნას შეკითხვები კანონთან დაკავშირებით, რომლის დანიშნულება პარტიათა დაფინანსების პროცესის გამჭირვალობის უზრუნველყოფაა.

კუბლაშვილის განმარტებით, კანონის დარღვევისთვის სანქციები მომავალშიც იმუშავებს, მაგრამ შეცვლება ფორმულირებები. მაგალითად პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება დაკონკრეტდება და კანონის რეგულაციები გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც გაცხადებული საარჩევნო მიზნები აქვთ და ხარჯავენ რესურსებს ამ მიმართულებით. შეთხნამების თანახმად, გამჭვირვალობის ვალდებულება  (დეკლარაციებს წარდგენა) დაეკისრებათ მხოლოდ იმ პირებს,  რომლებმაც პარტიებისათვის შემოწირულობების ლიმიტი არაერთხელ დაარღვიეს ან დარღვევის ოდენობა 30 ათას ლარს აღემატება.

როგორც ტაბულასთან საუბრისას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს პროგრამების დირექტორმა ნინა ხატისკაცმა განაცხადა, შეთანხმება კანონთან დაკავშირებული თითქმის ყველა სადავო საკითზე იქნა მიღწეული. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება პირის დაკავშირებას პილიტიკურ პარტიასთან, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგინდება, თუ პირი პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებზე თანხებს დახარჯავს. თანაც, დაკავშირებულ პირებზე აღარ დაწესდება ყველა ტიპის შეზღუდვა, რაც პარტიებს უწესდებათ, მაგალითად, კრედიტის აღებისა თუ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით. შეზღუდვები პირის საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილს შეეხება, რომელიც პარტიის საქმიანობასთან და საარჩევნო მიზნებთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, ხატისკაცის თქმით, შეიზღუდება კონტროლის პალატის უფლებამოსილება. კერძოდ, კონტროლის პალატა ყადაღის გამოყენებას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში შეძლებს. ყადაღა დაედება არა მთელ ქონებას, არამედ მხოლდ იმ ნაწილს, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებს.

შეცვლილ კანონში დეტალურად გაიწერება კონტროლის პალატის ფუნქციები და ქმედებები, რომლებსაც განახორციელებს იმ პირების მიმართ, რომლებსაც უწყება პარტიასთან დაკავშირებულად მიიჩნევს.

ხატისკაცის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობასა და ჯარიმების ოდენობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ამომრჩევლის პასუხიმგებლობა აღარ დადგება საჩუქრისა და სარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში, 100 ლარამდე სარგებლის მიღების შემთხვევაში კი მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება.

ასევე შემცირდება ჯარიმების ოდენობა - დარღვევს ათმაგი მოცულობის ნაცვლად სანქცია ხუთმაგი ოდენობით განისაზღვრება.

ამავე დროს, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არასამთავრობოების წინადადება ერთი წყაროდან (მაგალითად ერთ კომპანიაში მომუშავეთაგან) შემოწირულობის ლიმიტის გაუქმების თაობაზე, რომელიც 500 ათასი ლარით განისაზღვრება. ხატისკაცი მიიჩნევს, რომ მესამე პირის მეშვეობის შემოწირულობების აღკვეთა კანონის ძალით ისედაც ხდება. ამ ნორმის დატოვება კი ამომრჩევლებს არათანაბარ პირობები აყენებს და შემოწირულობის უფლებას უზღუდავს.

კანონპროექტი ცვლილებების შესახებ, სავარაუდოდ, ოთხშაბათს იქნება ინიცირებული.

 

კომენტარები