კონტროლის პალატა

ბეჟაშვილი: მოქალაქეებისგან ვიღებთ ინფორმაციას, ეს არაა დაკითხვა

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო 2 თვის მანძილზე ”ქართულ ოცნებაში” ფულის კანონის გვერდის ავლით ჩარიცხვის 6-7 ფაქტი გამოვლინდა და დასძინა: ”არ ვიცი ეს რითია გამოწვეული. ამ პირებმა არ იციან კანონი თუ კანონის გვერდის ავლით „ქართული ოცნება“ ფინანსების მოძიების ალტერნატიულ გზებს ეძებს.. ჩენ ყოველდღიურად გვიწევს ამ ფაქტების აღრიცხვა და მათ სამართლებრივი შეფასება აუცილებლად უნდა მოჰყვეს.“

 კონტროლის პალატის განმარტებით, პოლიტიკური ძალების რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ საფინანსო დეკლარაციების აუდიტმა ”ქართული ოცნების” მიერ გაწეული ხარჯების რეალობასთან შეუსაბამობა აჩვენა. ლევან ბეჟაშვილის  თქმით, კონტროლის პალატა მოქალაქეებისგან უბრალოდ ინფორმაციას იღებს და ეს არ არის დაკითხვა.

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ  უარყო გავრცელებული ცნობები   ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში მოქალაქეთა დაშინების ფაქტების თაობაზე.  "მსგავსი ინფორმაცია  ვრცელდებოდა სააგენტოების მიერ, სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ, თუმცა, რაც გადავამოწმეთ, არც ერთი არ დადასტურდა.” - განაცხადა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები