მოლდოვა

მოლდოვას ახალი პრეზიდენტი: რუსული ჯარები უნდა გავიდნენ

მოლდოვას ახალმა პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ ქვეყნიდან რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანა მოითხოვა. მისი განცხადებით, მოლდოვამ ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვას და მისი ტერიტორია უცხო ქვეყნის ჯარებმა უნდა დატოვონ.

ტიმოფტის განცხადებით, დნესტრისპირეთის კონფლიქტი მშვიდობიანად, მოლაპარაკებების მოქმედი ფორმატის პირობებში უნდა დარეგულიდეს. თუმცა, რუსული სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამოქალაქო დამკვირვებლებმა უნდა ჩაანაცვლონ.

ახალი პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ იდეად უნდა იქცეს, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს.

ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ნიკოლაე ტიმოფტი მოლდოვას პარლამენტმა 16 მარტს აირჩია. მმართველი პროევროპული კოალიციის წარდგენილი ტიმოფტი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. მას 101 ადგილიანი ასამბლეიდან 62 ხმა ერგო. ოპოზიციონერმა კომუნისტებმა ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა სამი პარლამენტარი მათ გამოეყო და ხმა ტიმოფტის სასარგებლოდ მისცა.

 

კომენტარები