პარტიების დაფინანსება

ჯონ ბასი კონტროლის პალატის ქმედებებს გამოეხმაურა

საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი გამოეხმაურა საქართველოს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. ელჩმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ შეწუხებულია ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

” სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ."- ნათქვამია ჯონ ბასის განცხადებაში.

კონტროლის პალატის განმარტებით , პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები -სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ.  არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში. კონტროლოს პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა  გაირკვეს რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს  პროცესი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა კი საკუთარი ინიციატივით დაიწყო კონტროლის პალატის მიერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის აქტივისტების დაბარების და გამოკითხვის საქმეების შესწავლა. ”2012 წლის 13 და 14 მარტს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, საგარეჯოში, გურჯაანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში და საქართველოს სხვა ქალაქებში, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ „პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ახსნა–განმარტებების მიცემის მიზნით“ დაიბარეს პოლიტიკური პარტიების წევრები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ზემოაღნიშნული პროცედურების წარმოებისას ჟურნალისტებს შეეზღუდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება და ამავდროულად, ზემოთ ხსენებული პირების კანონიერ წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ დაცვის ფუნქცია.

საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ახსნა–განმარტებებს ართმევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გამოკითხულნი იქნენ კონტროლის პალატის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.”- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

 

კომენტარები