კონტროლის პალატა

ბიძინა ივანიშვილის კომპანია 1,5 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

 

საქმე ეხება კომპანიის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ ამავე ორგანიზაციის ლოგოტიპის გამოსახულებიანი მაისურების მიწოდებას. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ ბრენდირებული მაისურების დამზადების კანონიერება და დაადგინა, რომ „ელიტა ბურჯმა“, როგორც იურიდიულმა პირმა, 150 000 აშშ დოლარის (250 000 ლარის) უკანონო შემოწირულობა განახორციელა პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ.

 კონტროლის პალატის განმარტებით, მონიტორინგის პროცესში ცნობილი გახდა, რომ ელიტა ბურჯი ასრულებს 500 000 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდირებული მაისურების მიწოდებას ქართული ოცნებისთვის. ამ მიზნით  განახორციელა 150 000 აშშ დოლარის ტრანზაქცია თურქული კომპანია ”TUREN CAMASIRLARI”-ის ანგარიშზე, თუმცა სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად დადებული ან ბუღალტრულად დაფიქსირებული სათანადო კონტრაქტი.

 ”მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ფაქტების და ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შპს „ელიტა ბურჯის“ ქმედება შეფასდა მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულობად 150 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დებულებებს და ექვემდებარება დაჯარიმებას განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით,“– აღნიშნულია კონტროლის პალატის განცხადებაში.

 

 

კომენტარები