კონტროლის პალატა

განმარტება ქართული ოცნების აქტივისტებისგან განმარტებების მიღების შესახებ

კონტროლის პალატამ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური ძალების რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მიზეზი განმარტა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტმა დაადგინა "ქართული ოცნების" მიერ გაწეული ხარჯების შეუსაბამობა რეალობასთან.

"მხედველობაში გვაქვს მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა, ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში. აღნიშნული მოთხოვნა დაცული არ არის. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა გაირკევს, რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები. ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ მაგალითად, ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ, კერძო ფირმების -ძირითადად კი კომპანია შპს "მენეჯმენტ სერვისის" მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას კრძალავს,"- ნათქვამია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში. „ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე,“ - აცხადებს მონიტორინგის სამსახური.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციაში აღნიშნავენ, რომ მათი აქტივისტების დაკითხვამ ბოლო დღეებში მასობრივი და აბსურდული ხასიათი მიიღო. კახი კალაძე დღეს გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს: ” კანონს ამოფარებულ ჩინოვნიკთა გარკვეული ნაწილი ზეწოლას ახდენს მოქალაქეებზე და ყოველივე ეს ხდება პიროვნების პატივისა და ღირსების ამყრელი მოქმედებით, მათ შორის, ყოვლად დამამცირებელი - ადამიანთა გაშიშვლებითაც კი.”

 

კომენტარები