რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

თბილისში სერგეი ლავროვის წინადადებას გამოეხმაურნენ

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ იმოქმედებს მანამდე, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. გაბაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ თბილისისთვის წაყენებულ პირობას.   ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის, თუ საქართველო გააუქმებს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. აღნიშნული კანონი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე უკანონო შესვლისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. გოკა გაბაშვილის საპასუხო განცხადება სააგენტო ”პირველმა” გაავრცელა. "არც პრეზიდენტს და არც ქართველ ხალხს დავიწყებია, რომ საქართველოში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი მოქმედებს, რადგან არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები. სანამ ასეთია რეალობა, იქნება ეს კანონიც. სერგეი ლავროვს ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე უწევს გასცეს პასუხი კითხვებს: რატომ არ პასუხობს რუსეთი საქართველოს ცალმხრივ შეთავაზებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ? რატომ არ არის კონსტრუქციული მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთის  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსტრუქციული მოლაპარაკება აწარმოა? და რატომ არ დგამს შემხვედრ ნაბიჯებს ვიზების მოხსნასთან დაკავშირებით? სწორედ ამიტომ მათ სხვადსახვა მიზეზების გამოგონება და მათ შორის იმის თქმა უწევთ, რაც ლავროვმა თქვა " - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა.

კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებელია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ბ) ცხინვალის რეგიონში ( ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე) გორის მუნიციპალიტეტის მიმათულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

კანონის ამ ნორმით, საქართველო რუსეთის მოქალაქეებს სთავაზობს ისარგებლონ ახლა უკვე უვიზო რეჟიმით და საქართველოში შემოვიდნენ ლეგალური გზით.

 

კომენტარები